ნიკა მელია - ვერაფერი გავიგე, რას ემსახურება სანქციებზე გრიგოლ ვაშაძის საუბარი, უფრო სწორად, გავიგე და არ მინდა, ყველა ფრჩხილი გავხსნა, კარგად ვარ ინფორმირებული, რატომ საუბრობს
ნიკა მელია - ვერაფერი გავიგე, რას ემსახურება სანქციებზე გრიგოლ ვაშაძის საუბარი, უფრო სწორად, გავიგე და არ მინდა, ყველა ფრჩხილი გავხსნა, კარგად ვარ ინფორმირებული, რატომ საუბრობს

ადამიანურად მასუსტებს პერიოდი, როდესაც მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა. ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა. ინგლისურად წასვლა ნიშნავს, როდესაც არ გემშვიდობებიან და მიდიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა ნიკა მელიას ჰკითხა: „გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ საქართველო ფინანსურ სანქციებს შეუერთდა, ხელისუფლება, ფინანსთა სამინისტრო ამბობს, სანქცირებული პროდუქცია საზღვრებზე არ გავაო, ამის კონტროლი არსებობსო. როგორ შეაფასებდით გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებას“.

სანქციებზე საუბრისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ კარგად არის ინფორმირებული, რატომ უწევს გრიგოლ ვაშაძეს ამასთან დაკავშირებით საუბარი.

„არ მინდა, ვიყო მკვეთრი, მაგრამ მაინც დავაფიქსირებ პოზიციას, რომ ვერაფერი გავიგე იმ გზავნილებისა, რას ემსახურება, როდესაც ბატონი გრიგოლი ამაზე საუბრობს. უფრო სწორად, გავიგე და არ მინდა, ყველა ფრჩხილი გავხსნა. გავიგე, ვიცი, კარგად ვარ ინფორმირებული, რატომ უწევს გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი. რაც შეეხება იმას, რომ საერთაშორისო ფორუმზე „ქართულმა ოცნებამ“ ანუ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ამა თუ იმ ფორუმიდან, ბავშვები ხომ აღარ ვართ. როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის გარიცხვას და ამას ასაღებ, როგორც გმირულ ნაბიჯს, ვინ უნდა დაიჯეროს. აბა, ყოფილიყო ხმა ხმაში, ორმოცდაათი ორმოცდაათზე და „ქართული ოცნების“ ხმა ყოფილიყო გადამწყვეტი, რას იზამდა.

ბუჩიდან ჩამოსვლის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, ჩავედი, ვნახე, რომ არის ნიშნები სამხედრო დანაშაულისო. არც კი თქვა, გენოციდის ნიშნები მაინც არისო. პარლამენტში დავარეგისტრირეთ დადგენილება, რომელიც არ გულისხმობს სამართლებრივი და იურიდიული დეტალების გამორკვევას, მაგრამ პოლიტიკური პოზიცია უნდა დააფიქსირო, არის გენოციდი თუ – არა. ამის შემდეგ, როდესაც სხვებიც და ვინც ახსენეთ ბატონი, ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომელიც შეიძლებოდა, გადაედგა ყველაზე პატრიოტ ხელისუფლებასო, გასაგებია, რაც ხდება. მომავალი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოარკვევს ყველაფერს, რატომ კეთდება ესა თუ ის უცნაური განცხადებები. კარგად ვარ ინფორმირებული, ამ ყველაფერს ტყუილად არ ვამბობ. უფრო ვრცლად საუბარი თუ იქნება საჭირო, აუცილებლად ვისაუბრებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ არაერთხელ გააკეთა განცხადება, მათ შორის ერთ-ერთი განცხადებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება.