გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება

ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება, – ამის შესახებ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა ვაშაძეს გიგა ბოკერიაზე ჰკითხა, რომელმაც ვაშაძის განცხადებას, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეტენზია ვერ ექნება, კატასტროფული უწოდა.

„ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ გაგიმეორებთ, გიგა ბოკერიას აზრი ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი. რაც უნდა ის ილაპარაკოს, უხეშ სიტყვებს არ ვიხმარ, აბსოლუტურად არ მაინტერესებს.

ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. პირველი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი; რუსეთის ფედერაციის გარიცხვას ევროპის საბჭოდან დაუჭირა მხარი; დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაერო-ს საერთაშორისო  სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი.

არ ვთქვათ ეს? ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას?! მაპატიეთ და ხომ იდიოტიზმია?! შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისთვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია. ოპოზიციის ქარცხეცხლში გიგა ბოკერიას ნუ მოიხსენიებთ, იმიტომ, რომ ოპოზიცია გაცილებით უფრო ფართო და ყოვლის მომცველი კატეგორიაა, ვიდრე ერთ პროცენტიანი პარტიის წარმომადგენელი“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი