გიორგი აბდალაძე - გრიგოლ ვაშაძემ ხომ თქვა, რომ არ მიცნობს, ახლა სააკაშვილი იტყვის, რომ არ იცის, ვინ არის ირაკლი გედენიძე
გიორგი აბდალაძე - გრიგოლ ვაშაძემ ხომ თქვა, რომ არ მიცნობს, ახლა სააკაშვილი იტყვის, რომ არ იცის, ვინ არის ირაკლი გედენიძე

გრიგოლ ვაშაძემ ხომ თქვა, რომ არ მიცნობს, ახლა მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ირაკლი გედენიძეს არ იცნობს, – ამის შესახებ პირველ არხს ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„როგორც შევიტყვე ინფორმაცია, ვაშაძემ უარყო, თითქოს მე მიცნობდა ან შეხება ჰქონდა ჩემთან. ეს მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის, რომ გედენიძეს არ იცნობდა, ვაშაძე იტყვის, რომ აბდალაძეს არ იცნობდა. ყველაფერს უარყოფენ ახლა, რადგან უნდათ, ვითომ ხელახლა იწყებენ ცხოვრებას. ეგრე ვერ გაიხსენა ვაშაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს პერიოდში, როდესაც ჟურნალისტები შეეკითხნენ ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ჩემს საქმეში ბრალდება ასეთია – თითქოს სტენოგრამა წამოვიღე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან, რომელიც იყო გრიფით საიდუმლო. წარმოიდგინეთ ამ დონის საბუთს რომ წამოიღებ, ასეთი რეზონანსული საქმე იყო და ის არც დაინტერესდა, რა საბუთი წაიღეს. იმდენად აბსურდში არიან, სად წავიდნენ, რა გააკეთონ, არ იციან“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ 2011 წელს ფოტოგრაფების საქმეზე პირველივე კომენტარში განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არაფერი დაკარგულა.

„შეგიძლიათ არქივებში მოიძიოთ. ზუსტად ხუთ წუთში შეცვალა და თქვა, რომ სავსებით შესაძლებელია, რაღაც დაკარგულიყო, რადგან მერაბიშვილმა დაურეკა მას, დაამხო თავზე ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ და მოუწია ხელახლა კომენტარის გაკეთება. ჩვენი პირველადი მოთხოვნა იყო, რომ დამკვეთები დასჯილიყვნენ. დამკვეთებში გადიოდნენ უტიაშვილი, ხიზანიშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, ბოკერია“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

გიორგი აბდალაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ფოტოგრაფების საქმეზე მინიმუმ ბოდიში უნდა მოეხადათ.

„ჩემგან ასე გადაეცით ვაშაძეს – დაიგინე, რომ არ მიცნობთქო. რომელი დიაფრაგმით გადაგიღე, იმას გეტყვი კიდეთქო. ზურგს უკან სურათები რომ გაქვს ჩამოკიდებული სახლში, მაგათ გახედე ხშირ-ხშირადთქო. გამიხსენე, რომ 20 წლით ციხეში მიშვებდი არაფრის გამოთქო. შენ ხომ ძაან კარგად იცი, რომ მე უდანაშაულო ადამიანი დამიჭირეთთქო. იმის ვაჟკაცობა არ გეყო, რომ თავის დროზე ვანო მერაბიშვილისთვის გეთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არაფერი არ დაკარგულა. მინიმუმ საყვედური უნდა ეთქვათ იმ ადამიანისთვის, ვისაც ვალდებულება ჰქონდა ამ გრიფით საიდუმლოს მეთვალყურეობა. არაფერი არ მომხდარა. მინიმუმ ბოდიში უნდა მოეხადათ. მაგის კაცობა და ვაჟკაცობა მაგათ არ გააჩნიათ ჩვენთან მიმართებით. ჩემნაირი ადამიანები, ვინც იცის, ვინ არიან ეს მოძალადეები. ჩვენ არ დავრთავთ მაგათ უფლებას, რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ“, – განაცხადა აბდალაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის მიცემა მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემულ ხმას ნიშნავს.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას, ვინც არჩევნებზე არ წავიდა – მესმის, რომ ვიღაცა განაწყენებულია, ვიღაცას არ მოსწონს კანდიდატი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაშაძეს არ ვირჩევთ, ჩვენ ვირჩევთ სააკაშვილს და პირადად მაგას აძლევენ ხმას. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობაა, რომ ის მოძალადეები უნდა მობრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა აბდალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.

ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა: „გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.

ამასთან, დღეს ირაკლი და ნათია გედენიძეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია: „გრიგოლ ვაშაძის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები. „მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.

სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.

ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის  ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები დააკავეს იმიტომ, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.