თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი და ნათია გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გია აბდალაძის საქმეზე პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი და ნათია გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გია აბდალაძის საქმეზე პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

როგორც ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია. მისივე თქმით, მსგავს მუხლზე საქართველოში მორალური ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა ჯერ არ ყოფილა.

„ჩვენ შეტანილი გვქონდა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და გუშინ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურას დაეკისრა წინა რეჟიმის მიერ დარღვეული დანაშაულებებისთვის ჩვენთვის მორალური ზიანის ანაზღაურება. მინდა განვმარტო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელ პროკურატურას უწევს გადაიხადოს ვალები იმისთვის, თუ რა რეჟიმში მუშაობდა მაშინდელი პროკურატურა. განვმარტავ, რომ პროკურატურამ 2016 წელს ხელახალი გამოძიება დაიწყო და ამის შედეგად დადგა ჩვენი გამამართლებელი განაჩენი. ამ მხრივ, ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო და გუშინ სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა. აქ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ციფრებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში. ეს არის პირველად, როცა არ არსებობდა არანაირი მექანიზმი, შაბლონი, ქეისი, არანაირი მსგავსი, მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა. მით უმეტეს, ასეთი მუხლით, რომელიც ჩვენ მიმართ იყო წარდგენილი. ძალიან დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის და ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებდა. ეს შედეგი ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს და ამას ხმამაღლა ვაცხადებთ, ყველგან ვიტყვით, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებს იქ, სადაც ტრიალებს სიმართლე“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წელს ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს.