ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო მისია ოფიციალურად დასრულებულია.
მარსმავალი „ოპორტუნიტი“ მკვდარია, ინფორმაციას ნასა ოფიციალურად ადასტურებს. რვა თვის წინ, მზის ბატარეებზე მომუშავე მავალი წითელ პლანეტაზე მძვინვარე ქვიშის ქარიშხალში მოჰყვა და დედამიწასთან კავშირი გაწყვიტა. ხომალდთან დაკავშირება მას შემდეგ ნასამ არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. კონტაქტის აღდგენის ბოლო მცდელობა ნასას გუშინ, 13 თებერვალს ჰქონდა, მაგრამ ზარი დედამიწიდან „ოპორტუნიტიმ“ კვლავ უპასუხოდ დატოვა.
„ოპორტუნიტის მისიას ოფიციალურად დასრულებულად ვაცხადებ“, — აღნიშნა ნასას სამეცნიერო დირექტორატის ადმინისტრატორმა თომას ზურბუკენმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
„ოპორტუნიტი“ მარსის ზედაპირზე 15 წლის განმავლობაში დაეხეტებოდა. გაიარა რეკორდულად დიდი მანძილი და გააკეთა არაერთი ისტორიული აღმოჩენა. მათ შორის, საბოლოოდ დაადასტურა, რომ უძველეს წარსულში, წითელ პლანეტაზე გადაჭიმული იყო თხევადი წყლით სავსე უზარმაზარი ტბები. შეიძლება ითქვას, რომ „ოპორტუნიტიმ“ და მისმა ტყუპისცალმა მავალმა „სპირიტმა“ მარსი ერთგვარად დედამიწაზე ჩამოიტანეს, მეცნიერთა და ყველა დაინტერესებული ადამიანის თავებში.
„ოპორტუნიტის“ პროექტის მენეჯერის, ჯონ კალასის თქმით, „სპირიტმა“ და „ოპორტუნიტიმ“ მარსი ჩვენთვის ნაცნობ ადგილად აქციეს.
„როცა ვამბობთ „ჩვენი მსოფლიო“, უკვე არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ნაწილობრივ მარსსაც ვგულისხმობთ“, — აღნიშნავდა იგი შარშან, მას შემდეგ, რაც „ოპორტუნიტი“ ქვიშის შტორმში მოჰყვა.
წყლის კვალზე
„სპირიტი“ და „ოპორტუნიტი“ 2003 წლის ზაფხულში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაუშვეს, „მარს ექსპლორეიშენ როვერის“ მისიის ფარგლებში. ისინი მარსზე 2004 წლის იანვარში დაეშვნენ. პირველი „სპირიტი“ დაჯდა, მარსის ეკვატორიდან 14 გრადუსით სამხრეთით, გუსევის კრატერში. რაც შეეხება „ოპორტუნიტის“, ის ორი კვირის შემდეგ, პლანეტის მეორე მხარეს, ეკვატორულ ვაკე მერიდიანი-პლანუმზე დაჯდა.
ამის შემდეგ, ორივე მავალმა ზედაპირის კვლევის მისია დაიწყო, რომელიც დედამიწის 90 დღეს უნდა გაგრძელებულიყო. ამ დროის განმავლობაში, ისინი წარსულში წყლის აქტივობის კვალს ეძებდნენ. ამის მტკიცებულება მანამდე შემნჩეული იყო მხოლოდ ზემოდან, ნასას თანამგზავრ ვიკინგ-1-ის და ვიკინგ-2-ის მიერ. სწორედ მათ გადაიღეს უცნაური არხები წითელი პლანეტის ზედაპირზე, რომლებიც ერთ დროს მდინარეები უნდა ყოფილიყო. „ოპორტუნიტიმ“ ამ ყველაფერს საბოლოოდ მოჰფინა ნათელი.
ჯონ კალასის განცხადებით, მარსმავალმა დაადასტურა მარსის ზედაპირზე წარსულში წყლის უწყვეტად არსებობა. ამის შესახებ მეცნიერები ყოველვის ეჭვობდნენ, ხედავდნენ მტკიცებულებებსაც, მაგრამ მინერალური ხელწერა „ოპორტუნიტიმ“ საბოლოოდ დაადასტურა.
ვრცელი მოგზაურობის დროს მავალის მიერ შეგროვებული მონაცემები ასევე მიუთითებდა, რომ საქმე ეხებოდა არა მხოლოდ წყლის ტბორებს ან გუბურებს, არამედ მარსის ზედაპირზე არსებულ სულ მცირე კილომეტრობით სიგრძის ტბებს.
გარდა ამისა, „ოპორტუნიტის“ მიერ ზედაპირის თიხოვანი მინერალებისთვის ჩატარებული ანალიზები ასევე მიუთითებდა, რომ 4-3,5 მილიარდი წლის წინ მარსზე მჩქეფარე ამ წყალს შედარებით ნეიტრალური pH ჰქონდა. ანუ, ის ძალიან მჟავე არ იყო.
„შესაბამისად, მავალმა დაადგინა, რომ მარსი სიცოცხლისათვის ფიზიკურად ხელსაყრელი იყო იმ დროს, როცა დედამიწაზე სიცოცხლე აღმოცენდა“, — აღნიშნავს კალასი.
ამ მხრივ „ოპორტუნიტის“ არც სპირიტი ჩამორჩა. გუსევის კრატერში მავალმა აღმოაჩინა უძველესი ჰიდროთერმული სისტემა. მაგალითად, დაადგინა, რომ მარსის სულ მცირე რამდენიმე ნაწილს ჰქონდა როგორც წყალი, ისე ენერგიის წყარო, რომელშიც თავისუფლად შეიძლებოდა, სიცოცხლე აღმოცენებულიყო.
მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, სტივ სკუირსის განცხადებით, „სპირიტის“ აღმოჩენები და წვლილი, მის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ყოველი ბიტი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც „ოპორტუნიტის“.
მათი აღმოჩენები დაადასტურა და უფრო განავრცო შემდეგმა მისიებმა. მაგალითად, ნასას მავალმა „კურიოზიტიმ“ დაადგინა, რომ დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, 154 კმ სიგანის გეილის კრატერი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სავსე იყო ტბითა და ნაკადების სისტემით, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო.
რეკორდები
„სპირიტმაც“ და „ოპორტუნიტიმაც“ მარსზე მოსალოდნელზე დიდხანს იმუშავეს.
საბოლოოდ, 2010 წლის დასაწყისში, „სპირიტი“ ქვიშაში გაიჭედა. შედეგად, მავალმა შემოტრიალება ვეღარ შეძლო, რათა მარსულ ზამთარში მზეს მიფიცხებოდა, რის გამოც გაიყინა და მწყობრიდან გამოვიდა.
მსგავს მახეებს „ოპორტუნიტი“ კიდევ რვა წელს გაუმკლავდა და შეისწავლა ქანები ოთხი სხვადასხვა კრატერის კიდეზე და მერიდიანი-პლანუმის ვაკეებზე. საერთო ჯამში მავალმა 45,16 კმ გაიარა — გაცილებით მეტი, ვიდრე ეს რომელიმე სხვა მავალმა ან რობოტულმა მისიამ შეძლო სხვა პლანეტაზე.
თუმცა, ქვიშის შტორმის დროც დადგა. 2018 წლის მაისის ბოლოს, მარსის ორბიტაზე მოძრავმა თანამგზავრმა (მარს რეკონესენს ორბიტერ) შენიშნა, რომ „ოპორტუნიტის“ ადგილსამყოფელთან, 22 კმ სიგანის ინდევორის კრატერთან შტორმი ტყდებოდა. ქარიშხალი სწრაფად იკრებდა ძალას, მალე მავალიც შთანთქა და მთელ პლანეტას ქვიშის სუდარა გადააფარა.
სქელმა მტვერმა მზის სხივები დაბლოკა და მავალმა საკუთარი ბატარეების დამუხტვა ვეღარ შეძლო; „ოპორტუნიტი“ ძილის რეჟიმში გადავიდა. შეუძლებელი აღმოჩნდა ბორტზე არსებული გამათბობლების ჩართვაც.
ნათელი იყო, რომ მოხდა რაღაც ძალიან ცუდი — 10 ივნისის შემდეგ, „ოპორტუნიტისთან“ კავშირი სამუდამოდ გაწყდა.
„ოპორტუნიტი ენერგიის უქონლობამ იმსხვერპლა. როგორც ჩანს, ამ ისტორიული მისიის დასასრულებლად საჭირო იყო ისტორიული ქვიშის შტორმი“, — აღნიშნავენ მისიის ხელმძღვანელები.
ბოლო შანსი
შტორმმა შესუსტება ივლისის ბოლოს დაიწყო. სექტემბრის შუა რიცხვებში ქარიშხალი იმდენად შესუსტდა, რომ ნასამ „ოპორტუნიტის“ გამოღვიძების მცდელობა დაიწყო. მდუმარებაში მყოფ მავალს სააგენტო აქტიურად უგზავნიდა ბრძანებებს და პარალელურად უსმენდა, ჰქონდა თუ არა მას სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი.
ნასას ხელმძღვანელობისა და მისიის წევრების თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კამპანია რამდენიმე თვე გაგრძელებულიყო, რადგან ნოემბერში „ოპორტუნიტის“ ადგილსამყოფელთან ქარიანი სეზონი იწყებოდა. მეცნიერებს იმედი ჰქონდათ, რომ მავალის მზის პანელებიდან ქარი მტვერს გადაასუფთავებდა, „ოპორტუნიტი“ ბატარეებს კვლავ დამუხტავდა და ხანგრძლივი ძილიდან გამოიღვიძებდა.
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ალბათ არც აღარასოდეს მოხდება. „ოპორტუნიტის“ ისტორიული მისია დასრულებულია. თუმცა, წითელ პლანეტაზე მძინარე მავალი დროს კიდევ მილიონობით წელიწადს გაუძლებს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.