ნასა მარსმავალ „ოპორტუნიტის“ მიერ გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს აქვეყნებს
ნასა მარსმავალ „ოპორტუნიტის“ მიერ გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს აქვეყნებს

სანამ მარსის ქვიშის შტორმის საბურველში გაეხვეოდა, მავალმა „ოპორტუნიტიმ“ მიმდებარე გარემოს საბოლოოდ გადაავლო თვალი და ფირზეც სამუდამოდ აღბეჭდა.

ეს ფოტო წარმოადგენს მარსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მისიის ბოლო წვლილს სასტიკ აღსასრულამდე. ასახავს მავალის უკანასკნელი ტურნეს დროს გადაღებული იმ გარემოს პანორამულ ხედებს, რომელსაც მანამდე არავინ შეხებია.

აღსანიშნავია, რომ „ოპორტუნიტის“ მისია თავიდან ძალიან ცოტა ხანზე იყო გათვლილი. ნავარაუდევი 90 დღე 15 წელიწადად იქცა, რა დროსაც მავალი დაეხეტებოდა მარსის ქვიშებში, ბურღავდა, იკვლევდა და ტურისტივით სამახსოვროდ ფოტოებსაც იღებდა.

360 გრადუსიანი ფოტო მავალმა გასული წლის მაისში, იმ ადგილიდან გადაიღო, სადაც სამუდამოდ დარჩა. 29 დღის განმავლობაში, „ოპორტუნიტიმ“ მიმდებარე გარემოს სულ 354 კადრი გადაუღო, რომლებისგანაც ნასამ შემდეგ ერთი ფოტო შექმნა.

ცენტრიდან მარჯვნივ თქვენ ხედავთ ინდევორის კრატერის მწვერვალს. მისგან მარცხნივ არის ადგილი, საიდანაც მავალმა ჩამოსვლა დაიწყო. გზაგდაგზა ის იკვლევდა სხვადასხვა გეოლოგიურ მახასიათებლებს.

ფოტოს უკიდურეს მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში ჩანს ე. წ. წინააღმდეგობის ხეობა, რომელიც აბსოლუტურად ხელუხლებელია და მომავალ ექსპედიციებს ელოდება.

ეჭვგარეშეა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, მომავალი კოსმოსური მოგზაური, იქნება ეს ადამიანი თუ რობოტი, მოხუცებულ მავალს მოინახულებს და იქნებ შეაკეთოს კიდეც.

მარსმავალი „ოპორტუნიტი“ ნასამ 2003 წლის ზაფხულში გაუშვა. წითელ პლანეტაზე ის 2004 წლის იანვარში დაჯდა.

2018 წლის ივნისში მარსზე ქვიშის სასტიკი შტორმი დაიწყო, რომელმაც მზის სხივები დაბლოკა და მავალმა საკუთარი ბატარეების დამუხტვა ვეღარ შეძლო; „ოპორტუნიტი“ ძილის რეჟიმში გადავიდა. შეუძლებელი აღმოჩნდა ბორტზე არსებული გამათბობლების ჩართვაც.

საბოლოოდ, „ოპორტუნიტი“ ენერგიის უქონლობამ იმსხვერპლა. 2019 წლის თებერვალში, ნასამ მისია ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა.