ნასამ მთვარის მისიისთვის ახალი სკაფანდრები წარმოადგინა
ნასამ მთვარის მისიისთვის ახალი სკაფანდრები წარმოადგინა

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები აქ, დედამიწაზე საკმაოდ შემგუებლები არიან, საკმაოდ სუსტები ვართ ბრწყინვალე ტემპერატურის, გრავიტაციისა და რადიაციის კონტროლის მქონე ჩვენი პლანეტის მიღმა.

შესაბამისად, დანარჩენი მზის სისტემის სასტიკი გარემო პირობების დასაძლევად, ნასამ წარმოადგინა ახალი, გაუმჯობესებული სკაფანდრები, რომლებსაც ასტრონავტები მთვარეზე, „არტემისის“ მისიის ფარგლებში ჩაიცვამენ.

ერთი შეხედვით, ისინი ძალიან ჰგავს 1960-1970-იანი წლების აპოლოს მისიის ასტრონავტების სკაფანდრებს, თუმცა, გამოირჩევა მრავალი ახალი დანამატით. ახალი თაობის ამ სკაფანდრებს xEMU-ს უწოდებენ.

პირველ რიგში, xEMU-ები გაცილებით ადვილად სატარებელია. აპოლოს სკაფანდრები ფეხების მოძრაობას საკმაოდ ბოჭავდა და სწორედ ამიტომ არსებობს მრავალი ვიდეო, რომლებშიც ასახულია, როგორ ეცემიან მთვარის დაბალი გრავიტაციის პირობებში ასტრონავტები მიწაზე.

ახალი სკაფანდრებით მარტივია ტანის ზედა ნაწილის მოძრაობაც, ხელთათმანები კი თითების ადვილად მოძრაობის საშუალებას იძლევა.

სკაფანდრების წარმოდგენის ცერემონიაზე, მათი ერთ-ერთი შემქმნელი, კრისტინ დევისი ახალ სკაფანდრში იყო გამოწყობილი; უცბად იგი დაიხარა, ქვა აიღო და ნასას ხელმძღვანელს, ჯიმ ბრაიდენსტაინს მიაწოდა. ასეთი მოძრაობა აპოლოს მისიის სკაფანდრებით გაცილებით რთული იყო.

ახალი სკაფანდრები ადამიანს იცავს -156-დან 121 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურისგან და მორგებულია როგორც კაცებზე, ისე ქალებზე.

მიუხედავად მრავალი დეტალის გაუმჯობესებისა, ყველაფერი მაინც არ შეცვლილა. კვლავ პრობლემად რჩება სკაფანდრის შიგნიდან ორგანიზმის სითხეების მოშორება; შესაბამისად, „არტემისის“ ასტრონავტებს ისევ საფენების ტარება მოუწევთ.

ახალ სკაფანდრებს ასტრონავტები მხოლოდ მთვარის ზედაპირზე სიარულისას გამოიყენებენ. პრეზენტაციაზე ასევე წარმოადგინეს ნარინჯისფერი სკაფანდრები, რომლებსაც ისინი გაშვებისას და უკან, დედამიწაზე დაბრუნებისას ჩაიცვამენ.

არტემისის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას ნასა 2024 წელს გეგმავს.