NASA-ს ვერტმფრენს მარსზე მეექვსე ფრენისას დაბრკოლება შეექმნა, მაგრამ მაინც გადარჩა და უსაფრთხოდ დაჯდა — #1tvმეცნიერება
NASA-ს ვერტმფრენს მარსზე მეექვსე ფრენისას დაბრკოლება შეექმნა, მაგრამ მაინც გადარჩა და უსაფრთხოდ დაჯდა — #1tvმეცნიერება

წითელ პლანეტაზე მეექვსე ფრენის დროს, ვერტმფრენ „ინჯენუიტის“ მცირე მარცხი მოუვიდა, მაგრამ კარგი დაგეგმვისა და საიმედო უსაფრთხოების სისტემების წყალობით, ის გადარჩა და ფრენისთვის კვლავ მზად არის.

დიდებული ამბავია, რადგან წარმოაჩენს, რამდენად მდგრადია ეს პატარა ხომალდი შეცდომებისადმი; გარდა ამისა, ინჟინრებს ხარვეზის გამოსწორების საშუალება აქედან, დედამიწიდან აქვთ.

მოვლენა 2021 წლის 22 მაისს მოხდა, „პერსევერანსის“ მისიის 91-ე მარსულ დღეს. ცა მოწმენდილი და კაშკაშა იყო, ანუ ინჯენუიტის დავალებისთვის ძლიერ შესაფერისი: მას აერო სტერეო ფოტოები უნდა გადაეღო.

პატარა ვერტმფრენი ვერტიკალურად 10 მ სიმაღლეზე აიჭრა, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით ჰორიზონტალურად გაიფრინა 150 მეტრი, ის სამხრეთით მოტრიალდა, 15 მეტრი გაიფრინა და თან სურათები გადაიღო; ამის შემდეგ ის ჩრდილო-აღმოსავლეთით შეტრიალდა, კიდევ 50 მეტრი გაიფრინა და შემდეგ დაჯდა. ფრენის სიჩქარე წამში 4 მეტრი იყო.

თუმცა, პირველი 150 მეტრის გაფრენის შემდეგ, ინჯენუიტიმ უცნაური მოქმედება დაიწყო.

„ინჯენუიტიმ რხევებით დაიწყო სიჩქარის დარეგულირება და წინ და უკან გადახრა“, — წერს „ინჯენუიტის პილოტი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიაში, ჰავარდ გრიპი.

მისივე განცხადებით, ასეთი ქცევა მთელი დარჩენილი ფრენის განმავლობაში გაგრძელდა. უსაფრთხოდ დაჯდომამდე, საბორტო სენსორებმა მიუთითა, რომ ვერტმფრენი 20 გრადუსით იყო გადახრილი, ჰქონდა გარკვეული ხარვეზები კონტროლსა და ენერგიის მოხმარებაში.

ინჯენუიტის ჯგუფმა დაადგინა, რომ პრობლემას რაღაც კავშირი ჰქონდა ვერტმფრენის ნავიგაციასთან. მისი მთავარი სანავიგაციო სისტემა გამუდმებით აკონტროლებს ინჯენუიტის პოზიციას, სიჩქარესა და სიმაღლეს (ორიენტაცია სამგანზომილებიან სივრცეში).

ამის მხარდასაჭერად, მას ასევე აქვს „თვალები“ — სანავიგაციო კამერა, რომელიც დაბლა მიწას მუდმივად სურათებს უღებს, წამში 30 ფოტოს.

სანავიგაციო სისტემა ფოტოებზე დროის ნიშანს კითხულობს, რათა დაადგინოს, როდისაა ის გადაღებული და ამ ინფორმაციას კამერის მიერ დანახულს ადარებს. თუ ასე არ ხდება, ვერტმფრენი პოზიციის, სიჩქარისა და სიმაღლის რეგულირებას ახდენს.

სწორედ აქ მოხდა ხარვეზი მეექვსე ფრენისას. კამერის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ სურათს, სანავიგაციო სისტემამდე მიწოდების ქსელში დაბრკოლება შეექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ შემდეგ სურათს არასწორი დროის ნიშანი ჰქონდა.

გამომდინარე აქედან, ინფორმაცია, რომელსაც ინჯენუიტის სანავიგაციო სისტემა მიმდებარე გარემოს შესახებ იღებდა, ოდნავ აცდენილი იყო და ამის გამო, ვერტმფრენს იმ შეცდომების გამოსწორება სურდა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. ამან კი გამოიწვია რხევებით ფრენა, მაგრამ ინჯენუიტიმ ბრწყინვალედ დაჯდომა მაინც შეძლო, დაგეგმილი ლოკაციის 5-მეტრიან არეალში.

ეს ნაწილობრივ იმის წყალობით მოხერხდა, რომ ვერტმფრენის ინჟინრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ინჯენუიტის ერთ მეტრზე დაბალ სიმაღლეზე კამერის ფოტოები უგულებელყო, რადგან ისინი შეიძლება მიწიდან ამოსული მტვრით ყოფილიყო დაბინდული.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.