„პერსევერანსმა“ NASA-ს ვერტმფრენი მარსის ზედაპირზე გადმოსვა — #1tvმეცნიერება
„პერსევერანსმა“ NASA-ს ვერტმფრენი მარსის ზედაპირზე გადმოსვა — #1tvმეცნიერება

NASA-ს მინივერტმფრენი „ინჯენუიტი“ წითელი პლანეტის ზედაპირზე ჩამოსვეს და პირველი ფრენისთვის ემზადება.

1,8-კილოგრამიანი საფრენი აპარატი მარსზე მავალ „პერსევერანსს“ გაატანეს, „მუცელში“ ჩამონტაჟებული.

„471 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ, „პერსევერანსის“ მისიამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ღამით გადარჩენა“, — წერს NASA.

ფოტოზე ჩანს მარსის ზედაპირზე მოთავსებული „ინჯენუიტი“ და „პერსევერანსის“ ნაკვალევი, რომელიც აპარატს გადმოსმის შემდეგ გარკვეული მანძილით მოშორდა.

აქამდე ვერტმფრენი მარსმავლის ენერგიით იკვებებოდა, მაგრამ ამის შემდეგ, ის საკუთარ ბატარეას გამოიყენებს, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამათბობელი ჩართოს და დაუცველი ელექტრო კომპონენტები მარსის ღამის ყინვისა და დახეთქვისგან დაიცვას.

„ეს გამათბობელი მის ინტერიერს 7 გრადუს ცელსიუსს უნარჩუნებს მარსის ცივ ღამეში, როდესაც ტემპერატურა -90 გრადუს ცელსიუსამდეც ეცემა“, — ამბობს მარსის ვერტმფრენის პროექტის ინჟინერი ბობ ბალარამი.

მისივე განცხადებით, ეს სითბო ძალიან დაბალი ტემპერატურისგან იცავს ისეთ საკვანძო კომპონენტებს, როგორებიც არის ბატარეა და მგრძნობიარე ელექტრული მოწყობილობები.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, „ინჯენუიტის“ ჯგუფი შეამოწმებს მუშაობს თუ არა გამართულად ვერტმფრენის მზის პანელები და იტენება თუ არა ბატარეა; ამის შემდეგ კი გატესტავენ მის ძრავს და სენსორებს.

„ინჯენუიტის“ პირველი ფრენა 11 აპრილისთვის არის დაგეგმილი.

აპარატი ფრენას შეეცდება ატმოსფეროში, რომელსაც დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს, რაც ფრენას საკმაოდ ართულებს, მაგრამ ამავე დროს, ხელშემწყობი ფაქტორია მარსის დაბალი გრავიტაცია, რომელიც დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ ერთ-მესამედს შეადგენს.

პირველი ფრენისას აპარატი წამში დაახლოებით ერთი მეტრის სიჩქარით იფრენს ზედაპირიდან სამი მეტრის სიმაღლეზე, 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი კვლავ ზედაპირზე დაჯდება.

გარდა ამისა, „ინჯენუიტი“ ფრენის დროს მაღალი რეზოლუციის ფოტოებსაც გადაიღებს.

ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სირთულის ხუთი ფრენა.

1,8-კილოგრამიანი დრონი-ვერტმფრენის შექმნა NASA-ს დაახლოებით 85 მილიონი დოლარი დაუჯდა; აპარატმა უნდა დაამტკიცოს კონცეფცია, რომელიც კოსმოსის კვლევებში რევოლუციას მოახდენს.

მომავალში, უფრო დახვეწილი საჰაერო ხომალდები გადაადგილებას მარსმავლებზე სწრაფად შეძლებენ და შეისწავლიან ისეთ რელიეფსაც, სადაც მავალი უბრალოდ ვერ მივა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.