NASA-ს ვერტმფრენი მარსზე პირველ ფრენას აპრილის დასაწყისში შეეცდება — #1tvმეცნიერება
NASA-ს ვერტმფრენი მარსზე პირველ ფრენას აპრილის დასაწყისში შეეცდება — #1tvმეცნიერება

მარსზე გაგზავნილ ვერტმფრენ „ინჯენუიტის“ აფრენას NASA აპრილის დასაწყისში გეგმავს; ეს იქნება ძალური ძრავით აღჭურვილი მოწყობილობის პირველი კონტროლირებადი ფრენა სხვა პლანეტაზე.

ამ დროისათვის, ეს პატარა, მსუბუქი ხომალდი მავალ „პერსევერანსის“ მუცელშია მოთავსებული. ახალი მავალი მარსზე 18 თებერვალს დაჯდა.

რამდენიმე დღის წინ, „პერსევერანსმა“ მოიხსნა ფარი, რომელიც მინი-ვერტმფრენს წითელ პლანეტაზე დაჯდომის დროს იცავდა მტვრისგან. მავალი უკვე მიემართება იმ ადგილისკენ, საიდანაც „ინჯენუიტი“ ფრენას შეეცდება.

ამის შემდეგ, ვერტმფრენს მისიის შესასრულებლად 31 დღე ექნება.

„ამ ეტაპზე, პირველი ფრენა 8 აპრილს გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ ამ თარიღმა შეიძლება რამდენიმე დღით წინ ან უკან გადაიწიოს“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის მკვლევარი, მარსის ვერტმფრენის უფროსი ინჟინერი ბობ ბალარამი.

ბალარამმა საზოგადოებას პირველად გაუმხილა ისიც, რომ „ინჯენუიტის“ მარსზე გაატანეს იმ ქსოვილის პატარა ნაჭერი, რომლითაც ძმები რატების საჰაერო ხომალდის ერთი ფრთა იყო დაფარული; 1903 წელს, ძმები რაიტების ეს ხომალდი ისტორიაში პირველი იყო, რომელმაც დედამიწაზე მექანიზირებული ფრენა შეასრულა და ახალ ეპოქას დაუდო სათავე.

„ინჯენუიტი“ ფრენას შეეცდება ატმოსფეროში, რომლის სიმკვრივეც დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის ერთ პროცენტს შეადგენს; მართალია, ეს მიზანს უფრო ართულებს, მაგრამ ამავე დროს, ვერტმფრენს ფრენაში დაეხმარება პლანეტის დაბალი გრავიტაცია, რომლის სიმძლავრეც დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ ერთი-მესამედია.

პირველი ფრენის დროს, ვერტმფრენი წამში ერთი მეტრის სიჩქარით ფრენას შეეცდება სამი მეტრის სიმაღლეზე, სადაც ის 30 წამის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი კვლავ ზედაპირზე დაჯდება.

ფრენის დროს, „ინჯენუიტი“ მაღალი რეზოლუციის ფოტოებსაც გადაიღებს.

ვიდრე ეს ყველაფერი მოხდება, „ინჯენუიტი“ ასაფრენ ადგილას უნდა მოთავსდეს და ვერტიკალურად დადგეს; ეს პროცესი რამდენიმე დღეს წაიღებს.

მას შემდეგ, რაც „პერსევერანსი“ თავის „მუცლიდან“ ვერტმფრენს გადმოსვამს, 25 საათის განმავლობაში მას ხუთი მეტრით უნდა მოშორდეს, რათა მისი ჩრდილი „ინჯენუიტის“ არ ეცემოდეს.

ეს დრო საკმარისია, რათა ვერტმფრენის ბატარეებმა გამათბობელი მზის პანელებით დამუხტვის გარეშე ამუშაოს.

ეს ნაწილი კი კრიტიკულია, რათა „ინჯენუიტი“ ღამის სიცივეს გადაურჩეს, როცა ტემპერატურა -90 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა.

გათბობის გარეშე, ვერტმფრენის დაუცველი ელექტროკომპონენტები გაიყინება და დასკდება, რის გამოც მისია დაწყებამდე დასრულდება.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, „პერსევერანსი“ ვერტმფრენისგან ისეთ მანძილზე იქნება, რომ მისი ფრენა საკუთარი კამერებით გადაიღოს.

ერთი თვის განმავლობაში სულ დაგეგმილია სხვადასხვა სირთულის ხუთი ფრენა.

1,8-კილოგრამიანი დრონი-ვერტმფრენის შექმნა NASA-ს დაახლოებით 85 მილიონი დოლარი დაუჯდა; აპარატმა უნდა დაამტკიცოს კონცეფცია, რომელიც კოსმოსის კვლევებში რევოლუციას მოახდენს.

მომავალში, უფრო დახვეწილი საჰაერო ხომალდები გადაადგილებას მარსმავლებზე სწრაფად შეძლებენ და შეისწავლიან ისეთ რელიეფსაც, სადაც მავალი უბრალოდ ვერ მივა.

შემდეგი საჰაერო ხომალდი „დრაგონფლაი“ იქნება — ვერტმფრენი, რომელსაც NASA 2026 წელს სატურნის ყინულოვანი მთვარე ტიტანისკენ გაუშვებს; დანიშნულების ადგილზე ხომალდი 2034 წელს ჩავა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.