მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე უკიდურესად უცნაური ქვა აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება

12:50, 31.03.2025

ეზეროს კრატერის კიდეებზე სიარულისას, NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ ფრიად უცნაურ ქვას წააწყდა; ბუშტუკებიანი ქვა ერთი შეხედვით ბაყაყის ქვირითს წააგავს. შედგება ასობით ციცქნა, მუქი რუხი სფერულებისგან, რომელთაგან თითოეული სიგანეში მილიმეტრია.

მეცნიერებმა ქვას სენტ-პოლს-ბეი უწოდეს და აღწერენ, როგორც „შოკისმომგვრელს“. მიმდებარე ზონაში მისი მსგავსი სხვა არაფერია. უცნობია, რისგან შედგება, როგორ წარმოიქმნა ან როგორ მოხვდა იქ.

კრისტალურ მინერალებს, რომლებისგანაც სფერულები შედგება, აქ, დედამიწაზე ბოტრიოიდალურ წარმონაქმნებს უწოდებენ და ფართოდაა წარმოდგენილი მრავალ მინერალში და მათი წარმოქმნის მექანიზმი კარგადაა ცნობილი.

მარსი

თუმცა, ასეთი ფორმაციის მარსზე გაჩენა შეიძლება ძლიერ განსხვავებული პროცესი იყოს, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ სენტ-პოლს-ბეი ძლიერ განსხვავებული ჩანს დედამიწისეული ბოტრიოიდალურ წარმონაქმნებისგან, მაგალითად, ყურძნისებრი აქატის და ჰემატიტისგან.

ციცქნა სფერულების წარმოქმნის კიდევ ერთი გზაა გამდნარი ქანის უცებ გაციება. ეს პროცესი შეიძლება მოხდეს მეტეორიტის დაცემისას, როდესაც მეტეორიტისა და მიწის შეჯახებით წარმოქმნილი სიცხე ადნობს მატერიის გლობულებს და ჰაერში ისვრის. ასევე წარმოიქმნება ვულკანური აქტივობის შედეგად.

მარსზე უკვე რამდენიმე სფერული ქვაა აღმოჩენილი. მათ შორის არის ციცქნა სფეროები, ზედმეტსახელად „მოცვი“ — კონცენტრაცია ჰემატიტით მდიდარი მასალისა, რომელიც წყალში წარმოიქმნება. ასევე წყალში უნდა წარმოიქმნებოდეს პოპკორნის სახელით ცნობილი ბუშტუკებიანი ქვები, რომლებიც ასევე ეზეროს კრატერში გვხვდება. მავალმა Curiosity-მ გეილის კრატერში აღმოაჩინა ციცქნა სფერულები, რომლებიც ასევე წყალში უნდა წარმოიქმნებოდეს.

სენტ-პოლს-ბეის წარმოქმნის მექანიზმის დადგენა ამჟამად შეუძლებელია. იმიტომ, რომ ის ე. წ. მოტივტივე ქვაა — ამ ტიპის ქვები როგორღაც ახერხებენ და მიწაზე გადაადგილდებიან.

ვინაიდან არ ვიცით, საიდან მოვიდა ეს ქვა, უცნობია მისი წარმოქმნის კონტექსტიც, რაც გადამწყვეტი ინფორმაციაა იმის დასადგენად, ეს ციცქნა ბუშტუკები ცეცხლმა წარმოქმნა თუ წყალმა.

თუმცა, მარსის ორბიტიდან ჩატარებული დაკვირვებებით, ახლომახლოს აღმოჩენილია მუქი ქანის შრე, რომელიც შეიძლება სენტ-პოლ-ბეის ქვის წარმოქმნის ადგილი იყოს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი