მარსის ვერტმფრენმა მავალი „პერსევერანსი“ მაღლიდან გადაიღო — #1tvმეცნიერება
მარსის ვერტმფრენმა მავალი „პერსევერანსი“ მაღლიდან გადაიღო — #1tvმეცნიერება

ამ ფოტოზე მარსის ეზეროს კრატერშია გადაღებული. შეგიძლიათ სურათზე ახალი მავალი „პერსევერანსი“ იპოვოთ?

NASA-ს მარსულმა ვერტმფრენმა „ინჯენუიტიმ“ ცოტა ხნის წინ წითელ პლანეტაზე მეთერთმეტედ იფრინა და გზადაგზა მრავალი ფოტოც გადაიღო. ეზეროს კრატერის ქვიშის დიუნების, ლოდებისა და მოშიშვლებული ქანების გვერდით, ზოგიერთ ფოტოზე მავალი „პერსევერანსიც“ ჩანს, რომელიც სულ ახლახან შეუდგა სამეცნიერო ოპერაციებს.

ვერტმფრენი ინჯენუიტი ერთგვარი ტექნოლოგიური დემონსტრაციაა იმის დასამტკიცებლად, რომ მარსზე შესაძლებელია ძალური, კონტროლირებადი ფრენა.

„საოცარია ინჯენუიტის აეროფოტოები. აბა, სცადეთ და მის ამ ფოტოზე პერსევერანსი იპოვეთ. როდესაც შენიშნავთ და მოაახლოებთ, დაინახავთ ზოგიერთ დეტალსაც — ბორბლებს, ანტენას და ა. შ.“, — ამბობს NASA-ს მკვლევარი რობერტ ჰოგი.

პერსევერანსი,მარსის ვერტმფრენი

და მაინც, სად არის ამ ფოტოზე პერსევერანსი? სურათის ცენტრის ცოტა დაბლა ჩანს ვერტმფრენის ჩრდილი. აქედან პირდაპირ მაღლა აუყევით. ფოტოს ზედა ნაწილში ქვიშის დიუნები მოჩანს; იქ, ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ, ოდნავ მოთეთრო წერტილს დაინახავთ. სწორედ ასე გამოიყურება მარსმავალი პერსევერანსი 500 მეტრის სიშორიდან და 12 მეტრის სიმაღლიდან.

მე-11 ფრენა შეგნებულად იყო დაგეგმილი პერსევერანსის თავზე, რათა მის სიახლოვეს არსებული გეოლოგიური მახასიათებლები გადაეღო და მავალს სამეცნიერო ოპერაციებში დახმარებოდა. მინი-ვერტმფრენი წამში ხუთი მეტრის სიჩქარით დაფრინავდა.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.