„ინჯენუიტიმ“ მარსზე მეორედ იფრინა, ამჯერად უფრო მაღლა და გვერდულად — #1tvმეცნიერება
„ინჯენუიტიმ“ მარსზე მეორედ იფრინა, ამჯერად უფრო მაღლა და გვერდულად — #1tvმეცნიერება

NASA-ს ვერტმფრენმა „ინჯენუიტიმ“ მარსზე მეორე, უფრო თამამი ფრენა წარმატებით განახორციელა.

მინივერტმფრენი პირველად 19 აპრილს, 3 მეტრ სიმაღლეზე აფრინდა და ჰაერში დაეკიდა — ეს გახლდათ ისტორიაში პირველი კონტროლირებადი, ძალისმიერი ძრავით აღჭურვილი მოწყობილობის ფრენა სხვა პლანეტაზე. 22 აპრილს ვერტმფრენი ჰაერში უფრო მაღლა აიჭრა და პირველი გვერდული მოძრაობა შეასრულა.

როდესაც როტორის სიჩქარემ დედამიწის ვერტმფრენებზე ხუთჯერ მეტ სიჩქარეს მიაღწია, მარსის თხელ ატმოსფეროში წარმოქმნილი ხახუნი უკვე საკმარისი იყო, რათა აპარატი ზედაპირიდან 5 მეტრის სიმაღლეზე აფრენილიყო.

ამის შემდეგ, „ინჯენუიტი“ 5 გრადუსით გადაიხარა და 2 მეტრი გვერდულად იფრინა, შემდეგ კი ჰაერში დაეკიდა. უკვე ამის შემდეგ, მან საკუთარი კამერები სხვა მიმართულებით მიმართა და სავარაუდოდ, გადაიღო ფერადი ფოტოები, რომლებსაც NASA მალე მიიღებს. პროცესს იღებდა იქვე მყოფი მავალი „პერსევერანსიც“.

საბოლოოდ, „ინჯენუიტი“ მშვიდად დაეშვა და მარსის წითელ ზედაპირზე დაჯდა.

„ვერტმფრენის მიერ მოწოდებული მონაცემები მიუთითებს, რომ ფრენა სრულად შეესაბამება ჩვენს მოლოდინს და გვეუბნება, რომ კომპიუტერული მოდელირება ზუსტი იყო. ამ თვეში დაგეგმილი ფრენებიდან კიდევ ბევრ რამეს ვისწავლით“, — ამბობს „ინჯენუიტის“ უფროსი ინჟინერი ბობ ბალარამი.

„ინჯენუიტის“ ფრენები გვიჩვენებს იმ პოტენციალს, რაც სამომავლო კოსმოსურ ვერტმფრენებს აქვს, რომელთა წყალობით, მარსის ისეთ ადგილებს შევისწავლით, სადაც მავალებს მისვლა არ შეუძლიათ. ასეთი კი ბევრია — მღვიმეები, კანიონები, მთები და უხეში რელიეფი.

რამდენიმე დღეში, ვერტმფრენის ჯგუფი საკუთარ მესამე ფრენას განახორციელებს, რომელიც გაცილებით რთული და გაბედული იქნება. საბოლოო ფრენებისას, ჯგუფი მის გაფრენას იმ მანძილზე შეეცდება, რამდენსაც ის შეძლებს. ვარაუდობენ, რომ ამ პროცესში ვერტმფრენი ჩამოვარდება.

„ნამდვილად გვსურს, რომ მისი შესაძლებლობების ზღვარი შევამოწმოთ, რადგან ეს ინფორმაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია“, — ამბობს პროექტის მენეჯერი მიმი აუნგი.

მეხუთე ფრენისას, ვერტმფრენს მარსის ზედაპირიდან 609,6 მეტრზე ააფრენენ; აუნგი არ ფიქრობს, რომ ის უკან კვლავ წარმატებით დაჯდება.

„წარუმატებელი დაჯდომის შემთხვევაში, ეს იქნება მისიის დასასრული. ხანგრძლივობას განსაზღვრავს მისი დაშვების წარმატება“, — აღნიშნავს აუნგი.

მომზადებულია mars.nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი