NASA-ს პლანეტებზე მონადირე ახალმა ხომალდმა პირველი ფოტო გადაიღო
NASA-ს პლანეტებზე მონადირე ახალმა ხომალდმა პირველი ფოტო გადაიღო

NASA-ს პლანეტებზე მონადირე უახლესმა მისია TESS-მა (Transiting Exoplanet Survey Satellite), ახალ სამყაროთა ძებნის გზაზე, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, როდესაც 17 მაისს, წარმატებით გადაუფრინა მთვარეს. ხომალდმა მთვარეს დაახლოებით 8000 კმ მანძილზე ჩაუარა. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის მიერ გაწეულმა გრავიტაციულმა დახმარებამ TESS-ი საბოლოო, სამუშაო ორბიტაზე უნდა გაიყვანოს.

კამერების შემოწმების ფარგლებში, ხომალდის სამეცნიერო ჯგუფმა ოთხი კამერიდან ერთ-ერთი გატესტა და ორწამიანი დაყოვნებით ფოტოც გადაიღო.

ფოტო გადაღებულია კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით და ასახავს 200 000-ზე მეტ ვარსკვლავს. სურათის ზედა მარჯვენა კუთხეში მოჩანს ქვანახშირის ტომარის ნისლეული, ქვედა მარცხენა კუთხეში კი კაშკაშა ვარსკვლავი ბეტა კენტავრი.


ეგზოპლანეტათა ძებნის ორწლიანი მისიის ფარგლებში, TESS-ი თავისი ოთხი კამერით ცის იმაზე 400-ჯერ მეტ ფართობს შეისწავლის, ვიდრე ამ ფოტოზეა ასახული. სამეცნიერო ღირებულების პირველი ფოტოს, რომელსაც „პირველ შუქსაც“ უწოდებენ, ასტრონომები TESS-ისგან ივნისში ელოდებიან.

30 მაისს TESS-ი დაწვავს ბოლო ძრავს და შევა მის საბოლოო, სამეცნიერო ორბიტაზე დედამიწის გარშემო. ეს უკიდურესად გაწელილი (ელიფსური) ორბიტა მაქსიმალურად გაზრდის ხომალდის მხედველობის არეალს და შესაბამისად, TESS-ი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს ცის საკმაოდ დიდ მონაკვეთს.

TESS-ი სამეცნიერო ოპერაციებს ივნისის შუა რიცხვებში დაიწყებს, როცა აღნიშნულ ორბიტაზე გავა და დაასრულებს კამერების კალიბრაციას.

18 აპრილს კანავერალის კონცხიდან გაშვებული TESS-ი NASA-ს შემდეგი ნაბიჯია მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების საძებნელად.

ამ მიზნის მისაღწევად, ხომალდი დააკვირდება მცირე ჩაბნელებებს ვარსკვლავთა სინათლეში, რაც გამოწვეულია პლანეტის ჩავლით, ანუ ტრანზიტით დედავარსკვლავსა და ტელესკოპს შორის. ამ ტრანზიტთა საშუალებით, მეცნიერები არკვევენ პლანეტის ზომას, სწავლობენ მის ატმოსფეროს და ორბიტასაც კი.


TESS-ი გააგრძელებს წინაპრის, კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის კვლევებს. კეპლერი რამდენიმე წლის წინ გაშვებული ეგზოპლანეტებზე მონადირე კიდევ ერთი თანამგზავრია, რომელიც საქმიანობას დღემდე აგრძელებს, თუმცა საწვავი თითქმის ამოწურა და მალე უმოქმედო გახდება.

TESS-ის მიერ შეგროვებული მონაცემები დიდად დაეხმარება კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრეს კოსმოსურ ტელესკოპს, ჯეიმს ვებს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წელს გაეშვება.

ჯეიმს ვები ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრე იქნება. იგი გამოიკვლევს ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა, რომ ესა თუ ის პლანეტა სისოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით