მესიეს ღრმა კოსმოსურ ობიექტთა კატალოგს NASA ახალი ფოტოებით ამდიდრებს. ნათლად ჩანს, რამდენად შორს წავედით მე-18 საუკუნის შემდეგ, როცა ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ ცის უცნაურ ობიექტთა კატალოგიზაცია დაიწყო.
მესიე კომეტებზე მონადირე იყო. იგი დაჟინებით ეძებდა ღამის ცაზე კომეტებს, რაც იმ დროისათვის საუკეთესო გზა იყო ასტრონომიაში თავის დასამკვიდრებლად.
თუმცა, მესიეს პრიმიტიული ტელესკოპი ოდნავაც არ იყო ახლოს დღეს ჩვენს ხელთ არსებულებთან. შესაბამისად, მესიე ხშირად ხელმოცარული რჩებოდა.
მესიემ დაიწყო კატალოგი შექმნა, რომელშიც შეჰყავდა ობიექტები, რომლებიც მისი აზრით, კომეტები არ იყო და შესაბამისად, მისი კვლევისა და ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა. ასტრონომთა შემდეგ თაობებს მან დაუტოვა კატალოგი, რომელშიც 110 ასეთი ობიექტი შეიტანა.
გარდა იმისა, რომ ისინი კომეტები არ იყო, ცის იდუმალი ლაქები მზის სისტემასაც არ ეკუთვნოდა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდაც, ირმის ნახტომს მიღმა მდებარეობდა. მესიე ხედავდა შორეულ ნისლეულებს, სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებსა თუ გალაქტიკებს, რომელთაგან ზოგიერთთან მილიონობით სინათლის წელი გვაშორებდა.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის წყალობით, ბოლო წლებში აღმოვაჩინეთ, რომ მესიეს ობიექტი მოიცავს ცის ერთ-ერთ ყველაზე მომაჯადოებელ ობიექტებს. ზოგიეთ მათგანს შესაძლოა, ძალიან კარგად იცნობთ.
კატალოგის ულამაზეს ობიექტებს შორისაა კიბორჩხალას ნისლეული, ორიონის ნისლეული, არწივის ნისლეული, მორევის გალაქტიკა და ა. შ.
რამდენიმე დღის წინ, კატალოგი NASA-მ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი ფოტოებით გაამდიდრა. ახალ სურათებს შორის ძირითადად გალაქტიკები და სფეროსებრი გროვებია — ბებერი ვარსკვლავების სფეროს ფორმის შეჯგუფებები, რომლებიც ძირითადად თავს იყრის გალაქტიკურ ჰალოებში.
- M58 — დახურული სპირალური გალაქტიკა ჩვენგან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით, ქალწულის გროვის წევრი.
- M59 — ვრცელი ელიფსური გალატიკა ჩვენგან 60 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ქალწულის გროვაში.
- M62 — ასიმეტრიული სფეროსებრი გროვა ირმის ნახტომში, გველისმჭერის თანავარსკვლავედში.
- M75 — სფეროსებრი გროვა ირმის ნახტომში, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში.
- M86 — ელიფსური, იგივე ლინზისებრი გალაქტიკა ქალწულის გროვაში, ჩვენგან 52 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
- M88 — სპირალური გალაქტიკა ქალწულის გროვაში, ჩვენგან 47 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
- M89 — თითქმის წრიული ელიფსური გალაქტიკა ქალწულის გროვაში, ჩვენგან 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
- M90 — სპირალური გალაქტიკა ქალწულის გროვაში, ჩვენგან 59 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
- M95 — დახურული სპირალური გალაქტიკა ჩვენგან 33 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედში.
- M98 — მკრთალი სპირალური გალაქტიკა ქალწულის გროვაში, ჩვენგან 44 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
- M108 — დახურული სპირალური გალაქტიკა ჩვენგან 46 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, დიდი დათვის თანავარსკვლავედში.
- M110 — ანდრომედას გალაქტიკის ელიფსური თანამგზავრი გალაქტიკა, ჩვენგან სულ რაღაც 2,7 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
სრული კატალოგის ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე, უფრო მეტი ფოტოს ნახვა კი NASA-ს Flickr-ის გალერეაში.