მონტე კარლოს “მასტერსზე” ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
მსოფლიოს პირველ ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ისევ ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა. მან მსოფლიოს მეშვიდე ნომერი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი 68 წუთში 6:0, 6:2 გაანადგურა.
ნადალმა მატჩი ზედიზედ ცხრა გეიმის მოგებით დაიწყო და ტიმმა, რომელმაც წინა დღეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, 0:6, 0:3-ის შემდეგ შეძლო პირველი გეიმის აღება.
რაფაელმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ ექვსი ქულა წააგო და შესაბამისად, ავსტრიელი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა, ნადალმა კი 12 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა.
ესპანელი ნახევარფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, რომელმაც 6:4, 7:6(5) მოუგო ბელგიელ დავიდ გოფენს.
მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს იაპონელმა კეი ნიშიკორიმ და გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა.
ნიშიკორიმ 6:4, 6:7(1), 6:3 მოუგო ხორვატ მარინ ჩილიჩს, ზვერევმა დაამარცხა ფრანგი რიშარ გასკე – 4:6, 6:2, 7:5.