„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი ჩართო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო. კერძოდ, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა.
ამ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც ნონა მამულაშვილის საქციელს სირცხვილი უწოდა.
„ბრავო, ბრავო. ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს რომ აჟღერებთ, ბრავო! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია. საქართველოს პლენარულ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, რუსეთის ჰიმნი ჩართეთ თქვენ ახლა, ბრავო. კარგად აჩვენებს ყველაფერს, დამნახავი დაინახავს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.