მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავის ამინდის ახალი დეტალი იქ არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შანსს ამცირებს — #1tvმეცნიერება
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავის ამინდის ახალი დეტალი იქ არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შანსს ამცირებს — #1tvმეცნიერება

უკვე გვქონდა გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი საკმაოდ არასტუმართმოყვარე ადგილი უნდა იყოს. 2017 წელს, წითელმა ჯუჯა პროქსიმა კენტავრმა უზარმაზარი ანთება ამოაფრქვია, რომელიც 10-ჯერ უფრო მძლავრი იყო მზეზე ოდესმე დაფიქსირებულ ამოფრქვევათა შორის; რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა შეამცირა იმედი, რომ მის გარშემო მოძრავ კლდოვან პლანეტა პროქსიმა კენტავრი b-ზე შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო იყოს.

სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის პერსპექტივა კიდევ უფრო ავბედითი გახდა. ახალი აღმოჩენა გვაძლევს მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც პროქსიმა კენტავრს შეიძლება ახასიათებდეს მზის მსგავსი კორონარული მასის ამოფრქვევები, რომელთა დროსაც, კოსმოსში გაიტყორცნება დიდი ოდენობით იონიზებული პლაზმა და ელექტრომაგნიტური რადიაცია; კორონარული მასის ამოფრქვევები გაცილებით დიდია, ვიდრე ვარსკვლავური ანთებები.

„ცოტა ხნის წინ ასტრონონებმა აღმოაჩინეს, რომ პროქსიმა კენტავრის გარშემო დედამიწის მსგავსი ორი კლდოვანი პლანეტა მოძრაობს, მათგან ერთი სასიცოცხლო ზონაში, სადაც წყალს თხევადი მდგომარეობაში არსებობა შეუძლია“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომი ენდრიუ ზიკი.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პროქსიმა კენტავრი ცივი, პატარა წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, მისი სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან ძალიან ახლოს უნდა იყოს, უფრო ახლოს, ვიდრე მერკურია მზესთან.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ამის გამო, პლანეტა ძალიან მოწყვლადია იონიზებიული რადიაციის მიმართ, რომელსაც შეუძლია, პლანეტები ეფექტიანად გაასტერილოს“, — ამბობს ზიკი.

პროქსიმა კენტავრი მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავია და მისგან სულ რაღაც 4,2 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. 2016 წელს მის გარშემო, სასიცოცხლო ზონაში (სადაც ტემპერატურა ისეთია, რომ პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია) კლდოვანი პლანეტა აღმოაჩინეს (მარსის და ვენერას მსგავსი), რამაც გააჩინა იმედი, რომ ჩვენთან ახლოს შეიძლება არამიწიერი სიცოცხლე გვეპოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავები პატარა და ცივია, მათ მძლავრი ამოფრქვევები ახასიათებთ. მიმდებარე გარემოს ისინი ხშირი და ძლიერი ვარსკვლავური ამოფრქვევებით „რეცხავენ“, რასაც მეცნიერები ცუდ ამბად მიიჩნევენ სიცოცხლისა და სიცოცხლისუნარიანობის შესაძლებლობის თვალსაზრისით.

თავად ამოფრქვევები შეიძლება აუცილებლად პრობლემას არ წარმოადგენდნენ, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით კორონარული მასის ამოფრქვევებზე. ამ ორი ტიპის ამოფრქვევა ხშირად მზესაც ახასიათებს, უმძლავრეს ანთებებს ხშირად თან ახლავს კორონარული მასის ამოფრქვევებიც. მზის ანთებებს შეუძლია შეაფერხოს რადიოკომუნიკაციები, მაგრამ კორონარული მასის ამოფრქვევებს შეუძლია რეალური პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად, ელექტროსისტემების მოშლა. თუმცა, დედამიწაზე ასეთი რამისგან შედარებით დაცულნი ვართ.

„ე. წ. კორონარული მასის ამოფრქვევებისას, ჩვენი მზე რეგულარულად გამოყოფს იონიზებული ნაწილაკების ცხელ ღრუბლებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მზე გაცილებით ცხელია, ვიდრე პროქსიმა კენტავრი და სხვა წითელი ჯუჯა ვარსკვლავები, ჩვენი სასიცოცხლო ზინა მზის ზედაპირიდან გაცილებით შორის არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწა ასეთი მოვლენებისგან შედარებით შორს არის“, — ამბობს ზიკი.

გარდა ამისა, დედამიწას აქვს ძალიან მძლავრი პლანეტური მაგნიტური ველიც, რომელიც ჩვენ მზის პლაზმის ასეთი ძლიერი დარტყმებისგან გვიცავს.

წითელ ჯუჯა ვარსკვლავებთან ახლოს მოძრავი პლანეტები შეიძლება ასეთი იღბლიანები არ იყვნენ; მათი დაცვა შესაძლოა, მაგნიტურმა ველმაც კი ვერ უზრუნველყოს.

მიუხედავად იმისა, რომ წითელ ჯუჯებზე არაერთი ანთება გვინახავს, მათზე კორონარული მასის ამოფრქვევათა მტკიცებულება იშვიათია და ინტერპრეტაციათა საგანია. წითელ ჯუჯებში კორონარული მასის ამოფრქვევის მსგავსი ქცევის კანდიდატი, მაგალითად, გახანგრძლივებული რენტგენული შთანთქმა ან ცისფერში წანაცვლებული ბალმერის ხაზები, შეიძლება, მაინც ანთებათა მიერ იყოს წარმოქმნილი.

აქ, მზის სისტემაში, როდესაც მზე კორონარული მასის ამოფრქვევებს გამოყოფს, ამავე დროს გამოყოფს რადიო იმპულსებსაც. არ უნდა შეგვეშალოს სწრაფ რადიოსიგნალებში, რადგან ეს გახლავთ დაბალი სიხშირის რადიოიმპულსები, რომლებსაც კორონარული მასის ამოფრქვევასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნაწილაკთა აჩქარების პროცესები იწვევს.

ამ იმპულსებმა შეიძლება მიგვანიშნონ კორონარული მასის ამოფრქვევის აქტივობაზე. თუმცა, ასტრონომებს მზის მსგავსი ბევრი რადიოიმპულსი წითელ ჯუჯა ვარსკვლავებზე დაფიქსირებული არ აქვთ. ზიკის ჯგუფის კვლევამდე, დაფიქსირებული იყო მხოლოდ ერთი სრული, მზის მსგავსი იმპულსი და ისიც 1982 წელს. რამდენიმე სხვა სიგნალი ერთთეფშიანი ტელესკოპებით იყო დაფიქსირებული და შესაბამისად, არ გამოირიცხებოდა მათი დედამიწისეული წარმომავლობა.

ამიტო, ზიკმა და მისმა ჯგუფმა პროქსიმა კენტავრზე რადიოანთების მყარი მტკიცებულების პოვნა გადაწყვიტა. ოსპექტრისკოპიული დაკვირვებებისთვის მათ გამოიყენეს დასავლეთ ავსტრალიაში განთავსებულ ტელესკოპ Zadko-ს, NASA-ს ტელესკოპ TESS-ისა და ავსტრალიის საიდინგ-სპრინგის ობსერვატორიის 2,3-მეტრიანი ტელესკოპის ოპტიკური მონაცემები.

ამავე დროს, დაბალი სიხშირის რადიოდიაპაზონში თანადროული დაკვირვებებისთვის გამოიყენეს დასავლეთ ავსტრალიის უდაბნოში განთავსებული უმძლავრესი რადიოტელესკოპების წყება ASKAP-ი.

მართლაც, მათ მალევე დააფიქსირეს ანთება და რადიოიმპულსთა სერიები. ერთდროულ დაკვირვებათა საფუძველზე, ჯგუფმა ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან დაკვირვება შეძლო; იმის ალბათობა, რომ ისინი კავშირში არ იყო, 128 000-დან ერთს შეადგენდა.

ამოფრქვევის მახასიათებლები ძალიან ახლოს იყო მზის IV ტიპის ამოფრქვევასთან. ეს კი მზის შემთხვევაში გახლავთ ხანგრძლივი ამოფრქვევის ტიპი, რასაც იწვევს ენერგეტიკულ ელექტრონთა მუდმივი შედინება კორონარული მასის ამოფრქვევის შემდეგი ანთებისას დარჩენილ მაგნიტურ სტრუქტურაში.

„ეს გახლავთ ASKAP-ის წყალობით მიღებული ამაღელვებელი შედეგი. მონაცემთა გასაოცარი ხარისხის წყალობით, წარმოუდგენელ დეტალებში ვიხილეთ პროქსიმა კენტავრის ვარსკვლავური ანთების სრული ევოლუცია“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომი ტარა მარფი.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან ის არის, რომ მათ დაინახეს პოლარიზებული სინათლე, რაც ამ მოვლენათა ხელწერაა. ის დაახლოებით იმას ჰგავს, ვარსკვლავს რომ მზის სათვალით უყუროთ. მარფის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტელესკოპი ASKAP-ი სრულ ფუნქციონირებას დაიწყებს, ახლომდებარე ვარსკვლავებთან კიდევ უფრო მეტ ასეთი მოვლენაზე დაკვირვებას შეძლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წითელ ჯუჯა ვარსკვლავებზე კორონარული მასის ამოფრქვევების პირდაპირი მტკიცებულება არ არის, ნამდვილად არის ამ დროისათვის ყველაზე სრულყოფილი მტკიცებულება სხვა ვარსკვლავებთან მზის მსგავსი რადიოამოფრქვევების არსებობისა. მზის რადიოიმპულსთა მახასიათებლებზე დაყრდნობით, ისინი ძალიან ჰგავს კორონარული მასის ამოფრქვევებს.

„ეს ალბათ ცუდი ამბავია კოსმოსური ამინდის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, გალაქტიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი ვარსკვლავები, წითელი ჯუჯები, არც ისეთი კარგი ადგილია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის საპოვნელად“, — ამბობს კვლევის ავტორი, სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომი ენდრიუ ზიკი.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი