უახლოესი ეგზოპლანეტა პროქსიმა b სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია - ახალი კვლევა
უახლოესი ეგზოპლანეტა პროქსიმა b სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია - ახალი კვლევა

ორი წლის წინ, მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრთან დედამიწის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს.

ეგზოპლანეტას სახელად პროქსიმა კენტავრი b უწოდეს და მას შემდეგ, არ ცხრება ინტერესი, არის თუ არა ამ პლანეტაზე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო.

ახლახან, ეს პლანეტა მეცნიერებმა იმ კომპიუტერულ მოდელთა გამოყენებით შეისწავლეს, რომლებსაც დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას სწავლობენ. შედეგად დაადგინეს, რომ გარემოებათა უმეტეს შემთხვევაში, პროქსიმა კენტავრი b-ს ზედაპირის უზარმაზარ ნაწილში შეუძლია თხევადი წყლის შენარჩუნება. შესაბამისად, ჩნდება მოსაზრება, რომ შესაძლოა, იქ ცოცხალი ორგანიზმებიც იყვნენ.

კვლევის ავტორის, NASA-ს პლანეტარული მეცნიერის, ანტონი დელ ჯენიოს განცხადებით, მათი კვლევის მთავარი მესიჯია შანსი, რომ ეს პლანეტა შესაძლოა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს.

თავად დედავარსკვლავი პროქსიმა კენტავრი პატარა, ცივი, წითელი ჯუჯა ვარსკვლავია; მდებარეობს მზისგან 4,2 სინათლის წლის მანძილზე. მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, მეცნიერებმა ჯერ მხოლოდ ცოტა რამ იციან პროქსიმა კენტავრის შვილობილი პლანეტის შესახებ. თუმცა დადასტურებით ცნობილია, რომ მისი მასა დედამიწისაზე 1,3-ჯერ მეტია და დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 11 დღეში ერთხელ. დელ ჯენიომ და მისმა ჯგუფმა სცადა გაერკვიათ, აქვს თუ არა პროქსიმა b-ს ატმოსფერო და ოკეანე ზედაპირზე.

პროქსიმა b თავის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს, ანუ ისეთ მანძილზე, რომ ზედაპირზე შესალებელია თხევადი წყლის შენარჩუნება. თუმცა, იმის გამო, რომ პროქსიმა კენტავრი ძალიან პატარაა, ეს ზონა ვარსკვლავთან უკიდურესად ახლოსაა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ პროქსიმა b გრავიტაციულად არის ჩაკეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთი გვერდი მუდმივად დედავარსკვლავისკენ არის მოქცეული, მეორე კი პირიქით, ზუსტად ისე, როგორც მთვარეა დედამიწასთან მიმართებაში.

2016 წელს მეცნიერებმა პროქსიმა b-ს ატმოსფეროს მოდელირება მოახდინეს. როგორც კომპიუტერული სიმულაცია ვარაუდობდა, ვარსკვლავის მხარეს მოქცეული მისი ნახევარსფერო მნათობის ინტენსიური ელვარების გამო უბრალოდ „შებრაწული“ უნდა ყოფილიყო, მეორე მხარეს კი იქნებოდა გაყინული ოკეანე. შესაძლებელი იყო მხოლოდ პატარა ზომის, წრიული თბილი ზღვის არსებობა.

თუმცა, მკვლევართა მიერ ახლახან ჩატარებული სიმულაციები წინაზე გაცილებით ყოვლისმომცველია. მოდელში ასევე ჩართული იყო დინამიკა და ცირკულირებადი ოკეანე, რომელსაც პლანეტის ერთი მხარის სიცხის მეორე მხარეს გადაცემა ძალიან ეფექტიანად შეუძლია. მკვლევართა დასკვნით, ატმოსფეროსა და ოკეანის მოძრაობა ისეა კომბინირებული, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის ბნელი მხარე ვერასოდეს იღებს სინათლეს, ეკვატორული რეგიონის გარშემო, მთელ სიგრძეზე უნდა არსებობდეს თხევადი წყლის სარტყელი.

სითბოს ამ ცირკულაციაც დელ ჯენიო ჩვენი პლანეტის ზღვების სანაპიროს კლიმატს ადარებს. მისი თქმით, გოლფსტრიმის დინების მიერ ტროპიკებიდან მოტანილი თბილი წყლის გამო, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირო იმაზე უფრო თბილია, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს.

საერთო ჯამში, ჯგუფმა 18 სხვადასხვა სიმულაციური სცენარი ჩაატარა. აკვირდებოდნენ გიგანტური კონტინენტების, თხელი ატმოსფეროსა და სხვადასხვა ატმოსფერული შემადგენლობის ეფექტებს. გარდა ამისა, სწავლობდნენ გლობალურ ოკეანეში მარილის ოდენობის ცვლილებასაც კი. თითქმის ყველა მოდელში, პროქსიმა b-ს ზედაპირის სულ მცირე გარკვეულ ნაწილებში ღია ოკეანე ჰქონდა.

„რაც უფრო დიდი პლანეტაზე თხევადი წყლის წილი, უფრო მეტი შანსია, რომ იქ სიცოცხლე იყოს. თუ ასეა, მომავლის ტელესკოპებით სიცოცხლის მტკიცებულებას აუცილებლად ვიპოვით“, — NASA-ს პლანეტარული მეცნიერი ანტონი დელ ჯენიო.

ერთ-ერთ ასეთ ტელესკოპად მეცნიერები ჩილეში ამჟამად მშენებარე უკიდურესად დიდ ტელესკოპს მიიჩნევენ (Extremely Large Telescope ), რომელიც რამდენიმე წელიწადში დასრულდება და სრულიად ახალ სიტყვას იტყვის ასტრონომიაში.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.