სამხრეთის ცაზე ბნელი ენერგიის კვლევის პროექტმა თავის პარამეტრებს გადააჭარბა. როგორც ჩანს, ბნელი ენერგიის კატალოგიზაციის პროექტი (Dark Energy Survey) ასევე შეუძლია ნეპტუნს გადაღმა არსებული წარმოუდგენლად მცირე ობიექტების იდნტიფიცირება.
პროგრამის მიერ პირველი ოთხი წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებში, ასტრონომებმა წარმატებით გამოავლინეს 316 მცირე პლანეტა, რომელთაგან 139 ჩვენთვის სრულიად ახალია.
მეცნიერთა განცხადებით, პლანეტების აღმოჩენა მონაცემების ინტენსიური ხელახალი ანალიზის შედეგად მოხერხდა; ამისათვის გამოიყენეს ახალი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც მზის სისტემის შორეულ მისადგომებში კიდევ უფრო მეტი მცირე პლანეტის პოვნაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ამ გზით შესაძლებელია გაადვილდეს იდუმალი მეცხრე პლანეტის ძებნაც, რომელიც შეიძლება, მზის სისტემის ძალიან გარე ნაწილში, წყვდიადში იმალებოდეს.
თავად ბნელი ენერგიის კატალოგიზაციის პროგრამა ოფიციალურად უკვე დასრულებულია. მიმდინარეობდა 2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის იანვრამდე; შეაგროვა სამხრეთის ცის ინფრაწითელი და ახლო-ინფრაწითელი მონაცემები. სწავლობდა სხვადასხვა ობიექტებს, მათ შორის სუპერნოვებსა თუ გალაქტიკათგროვებს და ცდილობდა გამოეთვალა სამყაროს გაფართოების აჩქარების მაჩვენებელი, რომელზეც მეცნიერთა აზრით სწორედ ბნელი ენერგია ახდენს გავლენას.
თუმცა, პროგრამის სიღრმის, თვალთახედვისა და სიზუსტის მაღალი მაჩვენებელი გამოსადეგი აღმოჩნდა სხვა რამისთვისაც — შორეულ მცირე პლანეტათა შესამჩნევად; ეს გახლავთ ობიექტთა კატეგორია, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც არ არის პლანეტა ან კომეტა, ანუ ძირითადად ასტეროიდებსა და ჯუჯა პლანეტებს.
ცნობილია, რომ ნეპტუნის ორბიტის გადაღმა დიდი ოდენობით ასეთი ობიექტია, მზიდან დაახლოებით 4,5 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, 30-ჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწაა მზისგან დაშორებული (ანუ 30 ასტრონომიული ერთეული).
თუმცა, ამ ნეპტუნსგადაღმა ობიექტთა შემჩნევა საკმაოდ ძნელია. ისინი ძალიან პატარებია და შორსაა, ის რეგიონი კი, სადაც მოძრაობენ, წყვდიადით არის მოცული და შესაბამისად, მათგან არეკლილი სინათლეც უმნიშვნელოა.
სწორედ ამ საკითხში აღმოჩნდა მარჯვე ბნელი ენერგიის კატალოგიზაციის პროგრამა, რომელიც ცის დიდ მონაკვეთს აკვირდებოდა.
„ნეპტუნსგადაღმა ობიექტების აღმოჩენის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ცის რამხელა მონაკვეთს აკვირდები და რა არის ყველაზე მკრთალი საგანი, რისი პოვნაც შეგიძლია“, — განმარტავს პენსილვანიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და ასტრონომი გარი ბერნშტაინი.
იმის გამო, რომ ნეპტუნსგადაღმა ობიექტები გალაქტიკებისა და სუპერნოვას ნარჩენებისგან განსხვავებულად მოძრაობენ, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა მეთოდი, რომლითაც ბნელი ენერგიის პროგრამის მონაცემებში ამ მოძრაობებს იპოვიდა. კვლევა მათ მონაცემთა ფონურ ხმაურში არსებული შვიდი მილიარდი წერტილიდან დაიწყეს.
ამის შემდეგ, ჯგუფმა გამორიცხა წერტილები, რომლებიც მრავალი დღის განმავლობაში არ იცვლებოდა, ანუ მიუთითებდა, რომ ისინი არ მოძრაობდნენ და შესაბამისად, ნეპტუნსგადაღმა ობიექტებიც ვერ იქნებოდნენ. შემდეგი ნაბიჯი იყო შეჯგუფებული ობიექტების გამოვლენა იმის დასადგენად, როგორ მოძრაობდნენ ისინი. ყველა ამ ნაბიჯის შედეგად, გამოიკვეთა 400 კანდიდატი, რომლებიც სულ მცირე ექვსი ღამის განმავლობაში ჩანდნენ. უკვე ამის შემდეგ, საჭირო იყო მათი რეალურობის დამტკიცება.
პირველ რიგში, ჯგუფმა შეიმუშავა ფოტოს გამოსახულების დადების მეთოდი, რამაც სურათები გაამკვეთრა და შესაძლებელი გახადა იმის დადგენა, ეს წერტილები ნეპტუმსგადაღმა ობიექტები იყო თუ ხარვეზები.
ამის შემდეგ, სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით დაათვალიერეს უკვე ცნობილი ნეპტუნსგადაღმა ობიექტები, რათა შეემოწმებინათ თავიანთ მეთოდის საიმედოობა. სამუშაო ძალიან ფრთხილი და გულმოდგინე იყო, მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა. ჯგუფმა გამოავლინა 316 ნეპტუმსგადაღმა ობიექტი, რომელთაგან 139-ის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი; ისინი მზისგან 30-90 ასტრონომიული ერთეულით არიან დაშორებული.
შვიდი ახალი სხეული ექსტრემალურ ნეპტუმსგადაღმა ობიექტებს მიეკუთვნება, რადგან მათი საშუალო ორბიტული დაშორება 150 ასტრონომიულ ერთეულზე მეტია. შედარებისათვის, პლუტონის ორბიტის საშუალო დაშორება მზიდან არის 40 ასტრონომიული ერთეული. თუ ამ ექსტრემალურ ობიექტთა არსებობა საბოლოოდ დადასტურდა, ისინი მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტები იქნებიან, რაც კი ოდესმე გვინახავს.
ამ დროისათვის, საერთო ჯამში აღმოჩენილია 3000-მდე ნეპტუნსგადაღმა ობიექტი. ახალი მეთოდის წარმატებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მომავალში ეს სია კიდევ უფრო გაიზარდოს.
ჯგუფი მის გამოყენებას კიდევ აპირებს. უკვე დახვეწეს დაფიქსირების პარამეტრები და აპირებენ, მოარგონ ბნელი ენერგიის კატალოგიზაციის პროგრამის მიერ 5,5 წელიწადში შეგროვებულ მონაცემებს. გაუმჯობესებულმა ტექნოლოგიამ შეიძლება ასობით ახალი ნეპტუნსგადაღმა ობიექტი გვაპოვნინოს.
და თუკი უფრო მეტად გაუმართლებთ, შეიძლება მათ მეცხრე პლანეტის არსებობის მტკიცებულებასაც მიაგნონ. მეცხრე პლანეტა ჰიპოთეტური დიდი სხეულია, რომელიც მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, მზის გარშემო დაახლოებით 200 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან უნდა მოძრაობდეს. ამის ფიქრის საბაბს მათ აძლევს ზოგიერთი ნეპტუნსგადაღმა ობიექტის მზის გარშემო მოძრაობის თავისებურება, რადგან ისე ჩანს, რომ მათ ორბიტებზე თითქოს რაღაც დიდი სხეული ახდენს გრავიტაციულ გავლენას.
კვლევა The Astrophysical Journal Supplement Series-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია penntoday.upenn.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.