მზის სისტემის ისტორიის უცნობი დეტალები დედამიწის სიღრმეში იმალება - ახალი კვლევა
როცა საქმე მზის სისტემის ისტორიაში გარკვევას ეხება, უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალი საკვანძო ცნობა მისი წარსულის შესახებ, დედამიწის გეოლოგიურ ჩანაწერებში ინახება. ახალი კვლევის ფარგლებში, ე. წ. გეოლოგიური პლანეტარიუმის მეთოდით, მეცნიერებმა მზის სისტემის ისტორია 200 მილიონი წლით უფრო ადრეულ ეტაპზე შეისწავლეს.
ალბათ ზოგ ჩვენგანს უნახავს საათის მექანიზმზე მომუშავე პლანეტური სისტემის მოდელი — მზის სისტემის მექანიკური მოდელი, რომელშიც მზე და პლანეტები საათის ისრების მსგავსად მოძრაობენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, გათვლები რეალურ სამყაროს მოარგეს და არა მხოლოდ დესკტოპ-მოდელს.
ახალი კვლევის მიზანია ერთად მოუყაროს თავი პლანეტათა მოძრაობის ასობით მილიონი წლების მაჩვენებლებს. ამისათვის, რათა გაერკვიათ პლანეტის დახრილობა, გრავიტაციული მიზიდულობა და კოსმოსური „ცეკვის“ სხვა ასპექტები, მეცნიერებმა დედამიწის ქანებში ჩარჩენილი „ჩანაწერები“ გამოიყენეს.
მკვლევართა აზრით, გეოლოგიური მონაცემები გვეხმარება, უფრო სპეციფიკურად გამოვთვალოთ და გავარკვიოთ, როგორი გამოიყურებოდა მზის სისტემა მილიონობით წლის წინ.
კვლევის ავტორის, კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგის, პოლ ოლსენის განცხადებით, გეოლოგიური პლანეტარიუმი განტოლების ან მოდელის საპირისპიროა. იგი გვაწვდის ზუსტ ცნობებს მზის სისტემის ისტორიის შესახებ.
მონაცემები მომდინარეობს დედამიწის კლიმატის ისტორიიდან, რაც დამახსოვრებულია გეოლოგიურ ჩანაწერებში, განსაკუთრებით კი დიდ, ძველ ტბებში.
გეოლოგიური პლანეტარიუმის საფუძველი არის იდეა, რომ მცირე ვარიაციებს მზის სისტემაში მის ყველა ნაწილზე აქვს გავლენა. დედამიწის ორბიტასა და ღერძის ორიენტაციაზე ყოველთვის ოდნავ გავლენას ახდენს ჩვენი ციური მეზობლების მოძრაობები; ამ ცვლილებებს მილანკოვიჩის ციკლებს უწოდებენ.
ეს ციკლები გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის მზესთან ურთიერთობაზე. შესაბამისად, თუ გეოლოგიურ ჩანაწერებში ნაჩვენებია ცნობები დედამიწამდე მოსული მზის სინათლის გადანაწილებისა და დროთა განმავლობაში კლიმატის მდგომარეობის შესახებ, შესაძლებელი ხდება წარსულში გადანაცვლება და სხვა პლანეტათა პოზიციების გარკვევაც.
მოდელირების ამჟამინდელ ტექნოლოგიას მზის სისტემის წარსული მოძრაობების განსაზღვრა მხოლოდ 60 მლნ წლიან პერიოდში შეუძლია. შესაბამისად, კიდევ 200 მილიონი წლით წარსულში ჩახედვა დიდი ნახტომია მეცნიერებისთვის, მით უმეტეს, როცა გეოლოგიური პლანეტარიუმის მეთოდის ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს.
არიზონაში და ნიუ-ჯერსიში აღებული უძველესი დანალექი ქანების საშუალებით, ჯგუფმა დედამიწის ორბიტაში შენიშნა ციკლი, რომელიც 1,75 მილიონ წელიწადს გრძელდება. წინა კვლევებში ასევე გამოვლინდა სხვა მცირე ციკლები.
როგორც ჩანს, ეს დიდი ციკლი ამჟამადაც უფრო გაგრძელებულია და მას კარგად ხსნის წანაცვლებები დედამიწასა და მის მეზობელ მარსს შორის.
მკვლევართა თქმით, მოკლე ციკლები დღეისათვის იგივეა, მაგრამ 1,75 მილიონ წლიანი ციკლი 2,4 მილიონ წლამდეა გაგრძელებული, რაც გამოწვეული უნდა იყოს გრავიტაციული „ცეკვით“ დედამიწასა და მარსს შორის. ეს კი კარგად განასახიერებს მზის სისტემაში არსებულ ქაოსს.
გეოლოგიური პლანეტარიუმის გამოყენება შესაძლებელია სხვა მონაცემთა ბაზებისა და კოსმოსური მოდელების შესამოწმებლადაც. გარდა ამისა, თანდათან შეიძლება ხელსაყრელი გახდეს სამყაროს ზოგიერთი ფინდამენტური კანონის შესამოწმებლად, მაგალითად, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიისა და ბნელი მატერიის ან ნებისმიერი კანონის, სადაც გადამწყვეტ როლს გრავიტაცია თამაშობს.
გარდა ამისა, შესაძლოა, გამოსადეგი აღმოჩნდეს იმ პლანეტათა შესახებ ინფორმაციის მისაღებადაც, რომლებიც ერთ დროს მზის სისტემაში იყვნენ, მაგრამ შემდეგ გაუჩინარდნენ.
გეოლოგიურ პლანეტარიუმზე ოლსენი უკვე 30 წელია მუშაობს და აქვს საკმაოდ დიდი გეგმები — დედამიწის უფრო მეტ ადგილას აღებული ქანების ნიმუშები უფრო მეტად ამოავსებს ჩვენს ცოდნაში არსებულ ნაპრალებს.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია blogs.ei.columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.