მზეზე ამოფრქვევაა - მოსალოდნელია გეომაგნიტური შტორმი და ძლიერი პოლარული ციალი
მზეზე ამოფრქვევაა - მოსალოდნელია გეომაგნიტური შტორმი და ძლიერი პოლარული ციალი

პოლარული ციალის მოყვარულებს ნამდვილად გაუმართლათ. მზის გვირგვინში (კორონა) უზარმაზარი ხვრელი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიახლოვდება გეომაგნიტური შტორმი. შესაბამისად, დედამიწის პოლარული განედების სიახლოვეს მცხოვრებნი ძლიერ ციალს დაინახავენ.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) შეფასებით, 11 სექტემბრის მზის შტორმი G2-დონის იქნება. 5-დონიან სკალაზე ეს შტორმი საშუალო სიძლიერისაა, ყველაზე მძლავრად კი მე-5 დონე ითვლება.

ამჟამად ჩვენ მზის მინიმუმისკენ მივემართებით და შესაბამისად, ეს გახლავთ მზის 11-წლიანი ციკლის ბოლო აქტიური პერიოდი. მზის მინიმუმი ნიშნავს გაცილებით ნაკლებ მზის ლაქებს, ნაკლები კორონარული მასის ამოტყორცნებსა და ამოფრქვევებს.

თუმცა, მზის გვირგვინში „ხვრელები“ შეიძლება, კიდევ გაიხსნას. ეს არის პლაზმის უფრო ცივი, ნაკლებად მკვრივი, რეგიონები მზის ატმოსფეროში, უფრო გახსნილი მაგნიტური ველებით. გახსნილი რეგიონები მზის ქარებს უფრო ადვილად გაქცევის საშუალებას აძლევს, შესაბამისად, ელექტრომაგნიტური რადიაცია კოსმოსში დიდი სიჩქარით გაიტყორცნება.

თუკი ხვრელი დედამიწისკენ არის მომართული, ეს ქარი სწორედ ჩვენ გვირტყამს. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უახლოეს ორ დღეში მზის ამ ქარების სიჩქარე წამში 600 კილომეტრს მიაღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქარი G1-დონის შტორმზე ოდნავ ძლიერი იქნება, უმეტესი ჩვენგანი მას ვერც კი შენიშნავს. გეომაგნიტურად წარმოქმნილმა დენმა შესაძლოა, დედამიწის მაღალ განედებზე განაპირობოს ძაბვის ვარდნები. ხანგრძლივ შტორმებს შეუძლია ტრანსფორმატორების დაზიანებაც, მაგრამ როგორც ჩანს, ეს შტორმი შედარებით ხანმოკლე იქნება.

შესაძლოა, შტორმმა გავლენა იქონიოს კოსმოსურ ხომალდთა ოპერაციებზე, რადგან ამ დროს ფერხდება GPS-ის მუშაობა. გარდა ამისა, მაღალ განედებზე შეიძლება გაწყდეს მაღალი სიხშირის რადიოტალღების გავრცელებაც.

უდიდესი ეფექტი ალბათ სინათლის შოუ იქნება, რადგან პოლარულ ციალებს სწორედ მზის ქარები წარმოქმნის. როდესაც ეს ქარი დედამიწას ურტყამს, ურთიერთქმედებს ჩვენი მაგნიტოსფეროს დამუხტულ ნაწილაკებთან (ძირითადად პროტონებთან და ელექტრონებთან).

ამის შემდეგ, ეს დამუხტული ნაწილაკები წვიმასავით ცვივა იონსფეროში და მიემართებიან პლანეტის პოლუსებისკენ მიმავალი მაგნიტური ველების ხაზების გასწვრივ. იქ კი ისინი ურთიერთქმედებენ ჟანგბადთან და აზოტთან და ცაში წარმოქმნიან თვალწარმტაც სინათლის შოუს.

NOAA-ს მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, ციალი საკმაოდ დაბალი განედებიდანაც გამოჩნდება. თუ აღნიშნულ განედებში ცხოვრობთ, ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან მართლაც თვალწარმტაცი სანახაობის მომსწრე გახდებით.

ამ ბმულზე შეგიძლიათ შეამოწმოთ პოლარული ციალის სამდღიანი პროგნოზი.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.