მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ცხოველთა მართვის საკითხის კომპლექსურ მოწესრიგებას ითვალისწინებს
მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ცხოველთა მართვის საკითხის კომპლექსურ მოწესრიგებას ითვალისწინებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თბილისის მერიასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ამზადებს, რომელიც ცხოველთა მართვის საკითხის კომპლექსურ მოწესრიგებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მაია ბითაძის თქმით, კანონპროექტს სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე დააინიცირებენ, მანამდე კი იმუშავებენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დღეს მოქალაქეებმა წარმოადგინეს და რაც მეპატრონის მიერ შინაური ცხოველის მიტოვებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.

„მინდა მივესალმო ლევან იოსელიანის ინიციატივას და განსაკუთრებით სიხარულით აღვნიშნო, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივით ხდება ამ საკითხის აქტუალიზაცია, თუმცა ბატონმა ლევანმა თვითონაც აღნიშნა და მეც დავძენ, რომ მხოლოდ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ვერ იქნება შემაკავებელი იმისა, რომ პატრონებმა აღარ მიატოვონ ძაღლები. ძალიან დიდი არის სტატისტიკა მიტოვებული ძაღლებისა და რაოდენობრივად იმატებს ყოველდღიურად. შესაბამისად, იმრავლებს გამრავლების მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით დედაქალაქში სტერილიზაცია-კასტრაციის ტენდენცია არის 200%-ით მომატებული. ჩვენი კომიტეტის ფარგლებში, თბილისის მერიასთან ერთად მზადდება კანონპროექტი, ანუ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს მოიაზრებს რომელიც კომპლექსურად მოაწესრიგებს ამ საკითხს არა ერთ დღეში არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. აღნიშნული საკითხის, ცხოველთა მართვის საკითხის მოწესრიგებას შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს აუცილებლად. ასევე, მიკედლებული ძაღლების საკითხებიც გადასაწყვეტია. გადასაწყვეტია ფედერაციებისა და მუნიციპალიტეტების ურთიერთმიმართების საკითხი და ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს ძაღლის წარმოშობა, რაც მერე მისი გამრავლების მართვას და პატრონის იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს, აუცილებელია ამოქმედდეს ის ერთიანი პორტალი, რომელიც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შეიმუშავა თბილისის მუნიციპალიტეტმა და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ რომ ბატონ ლევანთან ერთად მომავალში ვიმუშაოთ. ალბათ, საგაზაფხულო სესიაზე დავაინიცირებთ პაკეტს.მანამდე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საკითხს განვიხილავთ ჩვენ კომიტეტზე. ერთადერთი, რაც მაფერხებს არის ის, რომ არ მოხდეს ისე რომ კანონპროექტი აღუსრულებადი დარჩეს, რადგანაც 103-ე მუხლში შედის ცვლილებები, რომლის აღმასრულებელი არიან მუნიციპალიტეტები და ჩვენ კვლავ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად ექნებათ მუნიციპალიტეტებს რესურსი, რომ მიკვლევადობის საკითხი გადაჭრან. ასე რომ ამ საკითხზე შეგვიძლია ვიმუშაოთ“, – განაცხადა ბითაძემ.