მაია ბითაძე - იმედი გვაქვს, საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არ გადაიდება და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ერთად ევროინტეგრაციის პროცესში
მაია ბითაძე - იმედი გვაქვს, საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არ გადაიდება და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ერთად ევროინტეგრაციის პროცესში

იმედი გვაქვს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებით საქართველოსთან მალე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

ბითაძის თქმით, ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით და რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

„ჩვენ გვყავს სამი კანდიდატი ქვეყანა, „ტრიოს“ სახელით ცნობილი. სამწუხაროდ, გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც „ტრიო“ არ იყო ერთად და დავინახეთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ერთად ყოფნის მნიშვნელობა გაფართოების პაკეტზე, ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებაზე საუბრისას. იმედი გვაქვს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებით საქართველოსთან მალე მოლაპარაკებები გაიხსნება. არჩევნების წელია ევროპარლამენტში, ბევრ ევროპულ სახელმწიფოში და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არჩევნებმა არ უნდა იმოქმედოს ან არ უნდა შეუშალოს ხელი საქართველოსთან ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნას, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით და ყველა იმ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, რაც გაცემულია. ცხრა რეკომენდაცია იმპლემენტაციის პროცესშია და ძალიან ღია, ტრანსფარენტული გზით ხდება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულება. იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის გადადება და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ერთად ევროინტეგრაციის პროცესში, რათა ისინი უახლოეს მომავალში ევროპულ ოჯახს შეუერთდნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.