მზის სისტემაში ერთ-ერთი უდიდესი დარტყმითი კრატერი მთვარეზე მდებარეობს. მთვარის „ბნელ მხარეს“ არსებული სამხრეთ პოლუსი-აიტკენის აუზის სიგანე 2500 კილომეტრია და ფარავს მთვარის ზედაპირის თითქმის მეოთხედს. როგორც ახლა ირკვევა, ამ რეგიონის ქვეშ რაღაც მასიურია ჩამარხული.
მისი დანახვა დედამიწიდან შეუძლებელია, მაგრამ როგორც მთვარის გარშემო მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრთა მიერ შეგროვებული მონაცემები მიუთითებს, კრატერის ქვეშ ჩამარხულია რაღაც იმდენად დიდი, რომ წარმოქმნის მნიშვნელოვან გრავიტაციულ ანომალიას.
„წარმოიდგინეთ, აიღეთ ჰავაის დიდ კუნძულზე ხუთჯერ დიდი მეტალის ნაჭერი და ჩამარხეთ მიწაში. დაახლოებით ასეთი მასა აღმოვაჩინეთ მთვარეზე“, — ამბობს აშშ-ის ბეილორის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი პიტერ ჯეიმსი.
ანომალიის ორი სხვადასხვა თანამგზავრის მონაცემებში აღმოაჩინეს. ერთი მათგანია ნასას მისია GRAIL-ი — ორბიტაზე მოძრავ ხომალდთა წყვილი, რომელიც მთვარის გრავიტაციულ ველს 2011-2012 წლებში იკვლევდა მისი წიაღის სტრუქტურის უკეთ შესწავლის მიზნით.
მონაცემები გრავიტაციულ ანომალიაზე მიუთითებდა; ასევე მეტყველებდა, რომ აუზის სიმკვრივე მთვარის ზედაპირის სხვა ნაწილებთან შედარებით საშუალოზე მაღალი იყო. ამის მიზეზად ჯგუფს ზედაპირის რკინით მდიდარი შემადგენლობა მიაჩნდა.
თუმცა, როცა მკვლევრებმა ეს მონაცემები შეადარა ნასას კიდევ ერთი თანამგზავრის, Lunar Reconnaissance Orbiter-ის მიერ შეგროვებულ ტოპოგრაფიულ მონაცემებს, ცნობილი გახდა რაღაც უცნაურის შესახებ. მონაცემები მიუთითებდა, რომ ზედაპირის ქვეშ, 300 კმ სიგრძეზე გადაჭიმულია 2,18 კვინტილიონი კილოგრამი მასა (რიცხვი 18 ნულით).
მეცნიერთა აზრით, ეს მასა განთავსებულია აუზის ზედაპირიდან 800 მეტრ სიღრმეზე, რაც კარგად ხსნის აუზის ფსკერზე წარსულში შემჩნეულ გეოლოგიური დეპრესიის არსებობას, რომელიც მაშინ შეკუმშვას დაუკავშირეს.
ჯეიმსის განცხადებით, ამ დამატებითი მასის ერთ-ერთი ახსნა ის არის, რომ იმ ასტეროიდის ლითონი, რომელმაც ეს კრატერი წარმოქმნა, ჯერ კიდევ ჩაჭედილია მთვარის მანტიაში.
კომპიუტერული სიმულაციების მიხედვით, დაცემული ასტეროიდის რკინა-ნიკელის ბირთვს შეეძლო მიმოეფანტა მთვარის ბირთვსა და ქერქს შორის არსებული მანტიის ზედა ნაწილი.
ეს მოვლენა 4 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო, როცა მთვარეს ასტეროიდი დაეცა.
როგორც ჯეიმსი აღნიშნავს, მათი გათვლები უჩვენებს, რომ ასტეროიდის ბირთვი მთვარის ბირთვისკენ არ ჩაიძირა და ამ დრომდე მანტიაშია ჩაჭედილი.
კიდევ ერთი ალტერნატიული ახსნა უკავშირდება ვულკანიზმს, რაც ერთ დროს მთვარეზე მძვინვარებდა. მთვარის მანტიაში მაღალია ტიტანის ოქსიდის კონცენტრაცია, რაც მთვარის მაგმის ოკეანის გაციებისა და გამყარების შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი.
ამ ოქსიდს საკმაოდ დიდი მასა აქვს და შესაძლოა, გარკვეული გზებით ის სამხრეთ პოლუსი-აიტკენის აუზის ქვეშ კონცენტრირდა.
მიუხედავად იმისა, რომელი თეორიაც არ უნდა იყოს მართებული, ეს მასა რაღაც საინტერესოს მეტყველებს მთვარის წიაღის შესახებ. მაგალითად, ვიცით, რომ ის არ არის საკმარისად გამდნარი იმისათვის, რათა მასა მთვარის ბირთვისკენ ჩაიძიროს.
ეს მასა დაახლოებით იგივე პერიოდს ეკუთვნის, რომელსაც კრატერის წარმომქმნელი დარტყმა, რაც იქ ერთ დროს არსებულ მაქსიმუმ 1480 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე მიუთითებს.
ჯგუფის განცხადებით, აღმოჩენა ასევე მიუთითებს, რომ არსებობის მანძილზე, მთვარემ თითქმის მთლიანად დაკარგა თერმული ენერგია. ამ ყველაფრის შესახებ უფრო მეტ დეტალს ალბათ ჩინეთის მავალი „იუთუ2“ გვეტყვის, რომელიც ცოტა ხნის წინ სწორედ სამხრეთ პოლუსი-აიტკენის აუზში დაჯდა.
კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია baylor.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.