მზის სისტემის ყველა პლანეტას, ვენერასა და მერკურის გარდა, ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი, ანუ მთვარე.
ბუნებრივი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ბოლო დრომდე რეკორდსმენად იუპიტერი ითვლებოდა, რომლის გარშემოც 79 მთვარე მოძრაობს. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ასტრონომებმა სატურნის გარშემო 20 ახალი მთვარე აღმოაჩინეს და რეკორდსმენის სტატუსიც რგოლებიან პლანეტას გადაეცა.
დედამიწას ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს, მაგრამ ის მზის სისტემაში უდიდესია თავის პლანეტის ზომებთან შეფარდებით. ზოგადად კი, მზის სისტემის მთვარეებს შორის მეხუთეა ზომის მიხედვით და მეორე სიმკვრივის მიხედვით, იუპიტერის თანამგზავრ იოს შემდეგ.
მიჩნეულია, რომ მთვარე დაახლოებით 4,51 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, დედამიწის წარმოქმნიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ. მეცნიერთა შორის ყველაზე შეჯერებული თეორიის მიხედვით, მთვარე წარმოიქმნა დედამიწისა და მარსის ზომის პლანეტის (სახელად თეია) შეჯახების შედეგად კოსმოსში გაფანტული ნარჩენებისგან.
მთვარე დედამიწის ბრუნვის სინქრონულად ბრუნავს და შესაბამისად, ჩვენ მუდმივად მხოლოდ მის ერთ მხარეს ვხედავთ. ეს მხარე გამოირჩევა მუქი ვულკანური ველებითა და დარტყმითი კრატერებით, რომლებიც ასტეროიდებისა და მეტეორიტების შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი. ღამის ცაზე მთვარე მეორე ყველაზე კაშკაშა ობიექტია მზის შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში, მისი ზედაპირი იმდენად მუქია, რომ სინათლის არეკვლის მაჩვენებელი ასფალტისაზე ოდნავ მაღალია. მთვარის გრავიტაციული გავლენა დედამიწაზე განაპირობებს ოკეანის მიქცევა-მოქცევას და ოდნავ აგრძელებს დღის ხანგრძლივობას.
მთვარე დედამიწიდან საშუალოდ 384 402 კილომეტრით, ანუ 1,28 სინათლის წამით არის დაშორებული.
საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ მთვარის შთამბეჭდავი კადრები სამცხე-ჯავახეთიდან გადაიღო. ფოტოებსა და ვიდეოში კარგად ჩანს ბნელი ვულკანური ველები და დარტყმითი კრატერები.
შეგახსენებთ, რომ 1tv.ge-ზე ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს.