მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებზე შეზღუდვები ამოქმედდება
საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების მოცულობაზე შეზღუდვები ამოქმედდება. ცვლილების შეტანა საბიუჯეტო კოდექსში იგეგმება, რასაც ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას უკავშირებს.
სარეზერვო ფონდების მაქსიმალური მოცულობა, არსებული კანონით, ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების ორ პროცენტს შეადგენს. იგეგმება ამ მოცულობის შემცირება ერთ პროცენტამდე. ამასთან, წლის განმავლობაში ფონდების გაზრდა არაუმეტეს 20 პროცენტით იქნება შესაძლებელი.
2019 წელს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების მოცულობა, 2018 წელთან შედარებით, არ იცვლება. მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი, პრეზიდენტის კი 5 მილიონი ლარი იქნება.