მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების აკრძალვას აპროტესტებენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან ელექტრომობილების მეპატრონეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გამოყენების აკრძალვას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეზღუდვა ერთი წლით გადავადდეს, მანამდე კი დადგინდეს მოძრაობის წესები. აქციის მონაწილეებს შემუშავებული აქვთ ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც მათი თქმით, ელექტროტრანსპორტის უსაფრთხოებას გაზრდის.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯემალ სურმანიძის განცხადებით, ისინი 1300 ერთეულ ტრანსპორტს 300-მდე დაიყვანენ, დაარეგულირებენ მოძრაობის დასაშვებ სიჩქარეს, ამოიღებენ ხმარებიდან ე.წ „ბაიკებს“, არ დასვამენ საჭესთან 18 წლამდე ასაკის ადამიანებს და.ა.შ.
„აღნიშნული გეგმა შევიტანეთ ბათუმის მერიასა და საკრებულოში, თუმცა ჩვენს მოთხოვნებზე უარი მივიღეთ. ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. უბრალოდ, ჩვენი მეწარმეების უკან დგას ჩვენი ოჯახები, გვაქვს ბანკიდან გამოტანილი სესხები, რომლის დასაფარადაც ვითხოვთ ამ წესის ერთი სეზონით გვიან ამოქმედებას“,-ამბობს აქციის ორგანიზატორი.
ელექტროტრანსპორტის მეპატრონეების განცხადებით, თუ მათი ტრანსპორტი ბულვარსა და პარკებში არ დაიშვება, სხვა ადგილებში მოხმარებისთვის სრულიად გამოუსადეგარია.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესტან შეხვედრას და მათი პრობლემით დაინტერესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას აანონსებენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 მარტს, ბათუმის საკრებულომ მიიღო დადგენილება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების აკრძალვის შესახებ. დადგენილება პირველი მაისიდან ამოქმედდება.