ელექტრომობილებისთვის თბილისში 30 ელექტროდამტენი დაემატება
ელექტრომობილებისთვის თბილისში 30 ელექტროდამტენი დაემატება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს. როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამჟამად ქალაქს 30 ელექტროდამტენი დაემატება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. რეფორმა, რომლის განხორციელება დავიწყეთ, ბევრი სიახლისგან შედგება. ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ მათით სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ელექტრომობილების რიცხვი იზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში ხუთი ახალი ელექტროდამტენი განთავსდება, საბურთალოს რაიონში – ოთხი, დიდუბეში – ოთხი, ნაძალადევში – ორი, ჩუღურეთში – ორი, მთაწმინდაზე – სამი, ისანში – ოთხი, გლდანში – ერთი, სამგორში – სამი, კრწანისში – ორი, მათ ოპერირებას  კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე: კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით.

თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი“ უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.