მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მხოლოდ 20 პროცენტი აითვისა
მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მხოლოდ 20 პროცენტი აითვისა

საქართველოს მთავრობის განკარგულებებით და პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სარეზერვო ფონდიდან 18,689 მილიონი ლარი გამოიყო. ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, რეალურმა ხარჯმა 3,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გამოყოფილი თანხის 20 პროცენტია.

ყველაზე მეტი თანხა იუსტიციის სამინისტრომ აითვისა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ფარგლებში“ იურიდიული მომსახურების შესყიდვისა და საქმესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად 9,875 მილიონი ლარი გამოიყო. საკასო ხარჯმა კი 2,662 მილიონი ლარი შეადგინა.

პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით საექსპერტო და იურიდიული მომსახურების შესყიდვისთვის 1,4 მილიონი ლარის მიმართვა იგეგმებოდა, თუმცა მარტის ბოლომდე ამ თანხის ათვისება არ დაწყებულა.

2,358 მილიონი ლარის მიმართვა იგეგმებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ იანვარ-მარტის მონაცემებით ეს თანხა არ აითვისა.

მთავრობის ადმინისტრაციისთვის წელს დაახლოებით 2,3 მილიონი ლარი გამოიყო აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების უკეთ წარმართვისა და საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შეძენისთვის. ამ თანხიდან მხოლოდ 250 ათასი ლარი დაიხარჯა.
ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესაძენად 1,025 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა თანხის ათვისება იანვარ-მარტის პერიოდში არ მომხდარა.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების სუბსიდირებისთვის 724 ათასი ლარი დაიხარჯა.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო ხარჯი წელს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა – 73 ათასი ლარის ოდენობით.

სარეზერვო ფონდიდან თანხების ნაწილი მარტის ბოლოს გამოიყო, შესაბამისად, მათი ათვისება, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაიწყო. კერძოდ, 120 ათასი ლარის მიმართვა იგეგმებოდა საქართველოს კულტურის პალატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, 643 ათასი ლარი კი საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე საინფორმაციო კამპანიის განხორციელებისთვის.

მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა წელს 40 მილიონი ლარია.