მსოფლიოში უდიდესი არქტიკული მისია უამრავი აღმოჩენით დაბრუნდა — #1tvმეცნიერება
მსოფლიოში უდიდესი არქტიკული მისია უამრავი აღმოჩენით დაბრუნდა — #1tvმეცნიერება

გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის გემი „პოლარშტერნი“ არქტიკაში 389-დღიანი მოგზაურობის შემდეგ ქალაქ ბრემერჰავენის პორტში დაბრუნდა. მკვლევრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებდნენ ამ რეგიონზე გლობალური დათბობის ეფექტების შესახებ.

მისიის ხელმძღვანელი, მარკუს რექსი აღნიშნავს, რომ მისმა ჯგუფმა, რომელიც 300 მეცნიერისგან შედგება 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, „ნამდვილად მომაჯადოებელი და უნიკალური სილამაზის ადგილი იხილეს“.

„ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ რეგიონის დასაცავად… მომავალი თაობებისთვის და გამოვიყენოთ ის მცირე შანსი, რაც ჯერ კიდევ გვაქვს“, — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

გამოცემა AFP-სთან საუბრისას რექსმა აღნიშნა, რომ მკვლევართა ჯგუფის წევრებმა საკუთარი თვალით იხილეს გლობალური დათბობის დრამატული ეფექტები ყინულზე ამ რეგიონში, რომელიც „კლიმატის ცვლილების ეპიცენტრად“ მიიჩნევა.

„ვიხილეთ, როგორ კვდება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე. ამ პროცესს პირდაპირ ჩვენი ფანჯრიდან ვხედავდით; ვხედავდით მაშინაც, როდესაც ყინულის ნამსხვრევებზე დავაბიჯებდით“, — ამბობს რექსი.

იმის ხაზგასასმელად, თუ ზღვის რამდენი ყინული დადნა, რექსი აღნიშნავს, რომ მისია ფაქტობრივად ღია ოკეანეში დაცურავდა, რომელიც ხანდახან ჰორიზონტამდე იჭმებოდა. ამბობს იმასაც, რომ თავად ჩრდილოეთ პოლუსთან მათ სასტიკად ეროდირებული, გამლღვალი, თხელი და მყიფე ყინული დახვდათ.

რექსის განცხადებით, ჩრდილოეთ პოლუსთან დათბობის ასე გაგრძელების შემთხვევაში, სულ რამდენიმე ათწლეულში ჩვენ წინაშე იქნება ზაფხულში ყინულისგან სრულიად ცარიელი არქტიკა.

„პოლარშტერნის“ ამ მისიას MOSAIC ერქვა და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდა მონაცემებს ატმოსფეროს, ოკეანის, ზღვის ყინულისა და ეკოსისტემების შესახებ, რათა შევაფასოთ კლიმატის ცვლილების გავლენა ამ რეგიონსა და მთელ მსოფლიოზე.

კვლევის ჩასატარებლად, მკვლევრებმა ზღვის ყინულზე ოთხი სადამკვირვებლო ადგილი შეარჩიოს, გემის გარშემო 40 კმ რადიუსში.

პოლარული ღამეების დროს მკვლევრებმა შეაგროვეს წყლის ნიმუშები ყინულს ქვეშიდან, რათა შეისწავლონ მცენარეული პლანქტონი, ბაქტერიები და უკეთ გაიგონ, როგორ ფუნქციონირებს ზღის ეკოსისტემა ექსტრემალურ გარემო პირობებში.

140 მილიონ ევროდ ღირებულმა ექსპედიციამ 150 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია და 1000-ზე მეტი ყინულის ნიმუში შეაგროვა.

წლის განმავლობაში ჯგუფი თითქმის უწყვეტად ზომავდა ასზე მეტ პარამეტრს და მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მიღებული ინფორმაცია გარღვევას მოახდენს არქტიკისა და კლიმატის ცვლილების შესახებ არსებულ წარმოდგენებში.

ზღვის ყინულის ფიზიკოსი თომას კრუმპენი აღნიშნავს, რომ მათთვის ახლა მისიის მეორე ფაზა იწყება — მონაცემთა ანალიზი, რასაც ალბათ მომდევნო ათი წელიწადი დასჭირდება.

პარამეტრების სიმრავლე მათ მოდელების შექმნაში გამოადგებათ, რომლებიც თავის მხრივ დაგვეხმარება იმის პროგნოზირებაში, როგორი შეიძლება იყოს სიცხის ტალღები, თავსხმა წვიმები ან შტორმები მომდევნო 20, 50 ან 100 წელიწადში.

გემი 2019 წლის სექტემბერში ნორვეგიის ქალაქ ტრომსედან გავიდა. ეკიპაჟმა საკუთარ თავზე გამოსცადა რამდენიმეთვიანი სრული წყვდიადი, -39,5 გრადუსამდე ტემპერატურა და იხილეს 60-ზე მეტი პოლარული დათვი.

თუმცა, მისიას ყველაზე დიდი საფრთხე მაინც კორონავირუსის პანდემიამ შეუქმნა, რომელმაც ჯგუფი ჩრდილოეთ პოლუსზე ორი თვის განმავლობაში დააყოვნა და მისიაც გაიწელა.

ექსპედიციის დროს გერმანულმა გემმა ჯამში 3400 კილომეტრამდე გაიარა. მოგზაურობა უზარმაზარ ლოჯისტიკურ გამოწვევას წარმოადგენდა, როდესაც საქმე 300-კაციანი ეკიპაჟის გამოკვებას ეხება. პირველი სამი თვის განმავლობაში, გემის ტვირთში სხვა პროდუქტებთან ერთად შედიოდა 14 000 კვერცხი, 2000 ლიტრი რძე და 200 კგ თალგამურა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.