გიტანას ნაუსედას განცხადებით, არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში უსაფრთხოების საერთო პასუხისმგებლობაზე შეთანხმება შეიძლება იყოს აშშ-სა და ევროპას შორის გრენლანდიის გამო წარმოქმნილი ჩიხის გადაწყვეტა
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში უსაფრთხოების საერთო პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმება შეიძლება იყოს აშშ-სა და ევროპას შორის გრენლანდიის გამო წარმოქმნილი ჩიხის გადაწყვეტა.
როგორც ნაუსედამ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „როიტერთან“ ინტერვიუში აღნიშნა, გრენლანდიასთან დაკავშირებული დავა უკრაინაში ომს ჩრდილავს და რუსეთისთვის ეს კარგი ამბავია.
მისივე თქმით, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელი პრინციპებია.
„საუკეთესო შედეგი იქნება არქტიკისა და ჩრდილო ატლანტიკის რეგიონის უსაფრთხოებაზე საერთო პასუხისმგებლობაზე შეთანხმება. შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ გზით წავიდეთ, რადგან ეს საუკეთესო გზაა“, – განაცხადა ნაუსედამ.