მშობიარობის დროს გარდაცვლილი ნონა ტატანაშვილის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს
მშობიარობის დროს გარდაცვლილი ნონა ტატანაშვილის ოჯახი ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს.
გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და კასპის საავადმყოფო „მედალფას” ექიმების დასჯას ითხოვს. ოჯახისთვის გაურკვეველია, რა უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომელსაც მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.
„არანაირი პრობლემები ჩემს შვილს არ ჰქონდა ორსულობის პერიოდში. პირველ საათზე შეიყვანეთ და ოთხ საათზე უკვე გარდაცვლილი იყო. როდესაც შემიყვანეს, უკვე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ექსპერტიზა მიზეზებს დაადგენს. ჩემი შვილის სიკვდილში ექიმებს ვადანაშაულებ“,-აცხადებს გარდაცვლილის მამა, სოლომონ ტატანაშვილი.
კასპის საავადმყოფოში მომხდარს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები დილიდან იკვლევენ .