ბათუმის კლინიკა „მედალფა“ ბოლო გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს
ბათუმის კლინიკა „მედალფა“ ბოლო გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ ბოლო ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა. კლინიკის მედპერსონალმა ისინი საზეიმოდ, ტაშით გააცილა.

ორივე ინფიცირებული კლინიკაში საკარანტინო სივრციდან შევიდა. მათ მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

„გადმოვკვეთე საზღვარი 22 აპრილს, 26 აპრილს უკვე კლინიკაში მომათავსეს. მხოლოდ ტემპერატურა მქონდა. გამაშუქეს ფილტვებზე და აღმომაჩნდა პნევმონია. 27 დღეა, ვკურნალობ. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა. მივემგზავრები კარანტინში და შემდეგ დავუბრუნდები ჩემს ოჯახს ზესტაფონში”, – განაცხადა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. ჯამში რეგიონში 70 პაციენტმა დაამარცხა „კოვიდ 19“, ორი კი გარდაიცვალა. რეგიონში ინფიცირებული პირი აღარ არის. აჭარამ დღეს „მწვანე ზონის“ სტატუსი დაიბრუნა.