საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გრან-პრის სერიის მეხუთე ეტაპზე მონაწილე 8 ქვეყნის 11 მოციგურავე ვაჟმა მოკლე პროგრამა წარმოადგინა. ქართველ მოციგურავე მორის ყვითელაშვილს ასპარეზობა მოუწია ისეთ სახელოვან მოციგურავეებთან, როგორებიც არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანელი ხავიერ ფერნანდესი, მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი იაპონელი შომა უნო, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ალექსეი ბიჩენკო, ევროპის პრიზიორი რუსი სპორტსმენი ალექსანდრე სამარინი, მსოფლიოსა და 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ყაზახი დენის ტენი და საკმაოდ გამოცდილი უზბეკი მოციგურავე მიშა ჯე. მორის ყვითელაშვილმა ტექნიკურად საკმაოდ რთული მოკლე პროგრამა წარმოადგინა და 86, 98 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ, მე-4 ადგილზეა, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. მორისის მიერ ტექნიკური ელემენტების შესრულების ხარისხი მსაჯების მიერ შეფასებული იქნა 48,98 ქულით, რაც შეფასების ტექნიკურ სეგმენტში მოასპარეზე მოციგურავეთა შორის მესამე მაჩვენებელია.