ახლო მომავალში მუშაობას დაიწყებს მსოფლიოს უმძლავრესი, ახალი ტელესკოპები. მათ შორის ერთ-ერთი იქნება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი რომელსაც ასე დიდი ხანია ელოდება მეცნიერება.
ამ ტელესკოპის და რა თქმა უნდა, მომავლის სხვა ტელესკოპებისაც, იქნება ეგზოპლანეტების ატმოსფეროში ბიოლოგიური ხელწერების ძებნა.
ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ასეთი ბიოხელწერების პოვნის საუკეთესო შანსი შეიძლება იყოს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტებზე.
თეთრი ჯუჯები დამაინტრიგებელი ვარსკვლავებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დედამიწის მსგავს პლანეტებზე ნადირობას. მიჩნეულია, რომ ისინი წარმოადგენს ვარსკვლავურ ნარჩენებს, ანუ, მათში უკვე შეწყვეტილია ბირთვული სინთეზი, მაგრამ მაინც ანათებენ. თეთრ ჯუჯებს სტაბილურობის შენარჩუნება ელემენტების სინთეზის შეწყვეტიდან მილიარდობით წლის განმავლობაში შეუძლიათ.
მილიარდობით წლის განმავლობაში, ისინი გამოყოფენ შენახულ თერმულ ენერგიას და ათბობენ ნებისმიერ ახლომდებარე პლანეტებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ გარშემო მოძრავ რომელიმე პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს ექნება სტაბილურობა და არ შეაწუხებს ვარსკვლავის გამანადგურებელი ამოფრქვევები ან სხვა სახიფათო გარემოებები.
გარდა ამისა, თეთრი ჯუჯები ზომაშიც პატარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელესკოპებს არ უწევთ უზარმაზარ მანათობელ სფეროსთან ჭიდილი, როდესაც მის ფონზე ძალიან პატარა ზომის ეგზოპლანეტების შესწავლას ცდილობს.
ახლახან, მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული სახის ინსტრუმენტები იმ კოსმოსური და მიწისპირა ტელესკოპებისთვის, რომლებიც თეთრ ჯუჯათა გარშემო მოძრავ პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნებს მოძებნიან. პრესრელიზში ამ ინსტრუმენტს უწოდებენ „სპექტრული ველის სახელმძღვანელოს ასეთი კლდოვანი პლანეტებისთვის“.
„ჩვენ წარმოვადგინეთ, როგორი უნდა იყოს სპექტრული კვალი და რა უნდა ეძებონ მომავალმა კოსმოსურმა და მიწისპირა ტელესკოპებმა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კორნელის უნივერსიტეტის სეიგანის ინსტიტუტის სადოქტორო კანდიდატი, თეა კოზაკისი.
მზის მსგავსი ვარსკვლავები იმდენად კაშკაშაა, რომ მათ გარშემო მოძრავი პლანეტების პოვნა რთულია. როდესაც ვარსკვლავის წინ, ჩვენსა და მას შორის პლანეტა ჩაივლის (ტრანზიტი), კოსმოსურ ტელესკოპებს ამ დროს (მაგალითად, კეპლერი, TESS-ი) მისი დაფიქსირების შანსი აქვთ.
ეგზოპლანეტების პოვნის ამ გზას, ანუ ტრანზიტის მეთოდს, გარკვეული პრობლემები ახლავს თან, მაგრამ მაინც ყველაზე წარმატებულ მეთოდად მიიჩნევა. დღეისათვის, აღმოჩენილი და დადასტურებულია 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტა.
პლანეტების დაფიქსირების თვალსაზრისით, თავის მხრივ, თეთრი ჯუჯებიც პორბლემურია. მართალია, ისინი მთავარი მიმდევრობის უზარმაზარი ვარსკვლავები არ არის და შესაბამისად, არც კაშკაშებია, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს მათი პატარა ზომა.
ასეთი პატარა დედავარსკვლავის შემთხვევაში, მის გარშემო მოძრავი პლანეტის ტრანზიტის დაფიქსირება კიდევ უფრო რთულია. ასევე ნაკლებად სავარაუდოა ისიც, რომ პლანეტამ ზუსტად ჩვენსა და ამ ციცქნა ვარსკვლავის დისკოს შორის ჩაიაროს.
თუმცა, მათი დაფიქსირება მაინც შესაძლებელია.
თეთრი ჯუჯების გარშემო მოძრავ ობიექტთა აღმოჩენა ასტრონომიაში ძალიან ახალი მიმართულებაა. პირველად ისტორიაში, ბოლო პერიოდში, ასტრონომები უკვე დააკვირდნენ თეთრი ჯუჯების გარშემო არსებულ ნარჩენთა დისკოებს.
2015 წელს, ასტრონომთა ჯგუფმა აღმოაჩინა თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავი, დაშლის პროცესში მყოფი სულ მცირე ერთი პლანეტოშენადედი. 2019 წელს, კიდევ ერთმა კვლევამ წარმოადგინა მტკიცებულებები თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავი პლანეტების შესახებ. 2019 წლის კვლევამ კი წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ თეთრი ჯუჯების ახლო ორბიტებზე არსებობს 10 000-ში 1 სპექტროსკოპიულად დაფიქსირებადი გიგანტური პლანეტები.
თუმცა, არაფერი ვიცით მათი რაოდენობის შესახებ იქამდე, ვიდრე მათ უკეთ დაფიქსირებას შევძლებთ. 2019 წლის დეკემბერში, ასტრონომებმა თეთრი ჯუჯას გარშემო ნეპტუნის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს, თუმცა, თეთრი ჯუჯა მას ნელ-ნელა ანადგურებს.
დიდი ალბათობით, თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო ასტრონომები უფრო და უფრო მეტ პლანეტას იპოვნიან. ზოგიერთი მათგანი შეიძლება დედამიწის მსგავსიც იყოს. და როდესაც ისინი ასეთებს იპოვნიან, სიცოცხლის ნიშნების საძებნელად, უნდა შეისწავლონ მათი ატმოსფეროც. სწორედ ამ საკითხს ეხება კოზაკისის ახალი კვლევა.
„თეთრი ჯუჯების კლდოვანი პლანეტები დამაინტრიგებელი კანდიდატებია დახასიათებისთვის, რადგან მათი დედავარსკვლავები სულ რაღაც დედამიწის ზომისაა“, — ამბობს კარლ სეიგანის ინსტიტუტის ინსტიტუტის დირექტორი ლაიზა კალტინეგერი.
როგორც კოზაკისი აღნიშნავს, მათ იმედი აქვთ, რომ თუკი ამ სახის პლანეტების ტრანზიტებს დააკვირდებიან, ასტრონომები შეძლებენ იმის გარკვევასაც, როგორია მათი ატმოსფერო და მოძებნიან სიცოცხლის ნიშნებს.
თეთრი ჯუჯები თანდათან ცივდებიან. ამას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისინი შავი ჯუჯები გახდებიან და სითბოსაც საერთოდ აღარ გამოყოფენ. ამ ვარსკვლავთა განვითარებასთან ერთად მათი ტემპერატურისა და ფერის ცვლილების მხედველობაში მისაღებად, მკვლევრებმა სპექტრული სახელმძღვანელო დაახლოებით სამი ტემპერატურისთვის შექმნეს — ანუ, ჩათვალეს, რომ თეთრი ჯუჯების ტემპერატურა უნდა იყოს 6000 , 5000 და 4000 კელვინი.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი სურვილია გაიგონ, მისცემს თუ არა დიდი ხნის წინ მკვდარი ვარსკვლავების სინათლე მათთან არსებულ პლანეტებთან სიცოცხლის ნიშნების დანახვის საშუალებას. სხვადასხვა სახის ატმოსფეროებისათვის შექმნეს სპექტრული მოდელებიც.
კვლევა ფოკუსირებულია მეთანის, აზოტის ოქსიდისა და ოზონის მიერ დატოვებულ სპექტრულ ბიოხელწერაზე. თუმცა, მათი დაფიქსირება ადვილი როდია.
ზოგადად, თეთრი ჯუჯების პლანეტებზე სიცოცხლის პოტენციალის შესახებ მეცნიერებს შორის მრავალი კითხვა არსებობს.
იქამდე, ვიდრე ვარსკვლავი თეთრი ჯუჯა გახდება, გადის წითელი გიგანტის ფაზას. ამ დროს ვარსკვლავი იმდენად ბევრ მასას კარგავს, რომ საკუთარ თავს ვეღარ იჭერს და ფართოვდება. ეს პროცესი მოელის ჩვენს მზესაც და როდესაც ის გაფართოვდება, გადაყლაპავს მერკურის, ვენერას და შეიძლება, დედამიწასაც.
ამ საშინელ მოვლენას სიცოცხლე დიდი ალბათობით, ვერ გადაურჩება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ნამდვილად შეიძლება იყოს სიცოცხლე თეთრ ჯუჯათა გარშემო მოძრავ დედამიწის მსგავს პლანეტებზე?
არავინ იცის. პლანეტებს შეუძლიათ მიგრირება და შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ ამ გზით, ისინი მთავარი მიმდევრობის დედავარსკვლავის თეთრ ჯუჯად გადაქცევის პროცესს გადაურჩნენ. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ დედავარსკვლავის თეთრ ჯუჯად გადაქცევის შემდეგ, პლანეტაზე სიცოცხლე ხელახლა დაიწყოს. თეთრი ჯუჯები ხომ ძალიან სტაბილური და დღეგრძელი ვარსკვკლავებია.
„თუკი მკვდარი ვარსკვლავების პლანეტების გარშემო მოძრავ პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნებს ვიპოვით, გაჩნდება შემდეგი საინტერესო კითხვა — სიცოცხლე დედავარსკვლავის სიკვდილს გადაურჩა თუ ხელახლა აღმოცენდა?“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.