
მოსაზრება, რომ ძველეგვიპტური პირამიდების ქვეშ „მიწისქვეშა ქალაქი“ იმალება, ექსპერტებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა.
იტალიელ მკვლევართა განცხადებით, ხეფრენის პირამიდის ქვეშ მათ აღმოაჩინეს გიგანტური ვერტიკალური შახტები, რომლებსაც „სპირალური კიბები“ აქვს შემოხვეული.
როგორც ისინი იუწყებიან, აღმოაჩინეს კირქვის პლატფორმა ორი კამერითა და არხებით, რომლებიც წააგავს პირამიდის ქვეშ 640 მეტრის სიღრმეში წყლის სისტემისთვის განკუთვნილ მილებს, მიწისქვეშა გზები კი კიდევ უფრო დიდ სიღრმეში მიდის.
თუმცა, აღმოჩენის ეს პრეტენზიები ჯერ არც ჟურნალში გამოქვეყნებულა და არც დამოუკიდებელი რეცენზირება გაუვლია და ეგვიპტოლოგების მიერ უკვე შეფასდა, როგორც „ყალბი“ და „გადაჭარბებული“.
პიზის უნივერსიტეტის პროფესორმა კორადო მალანგამ და მისმა ჯგუფმა რადარული პულსების გამოყენებით შექმნეს მიწისქვეშეთის მაღალი რეზოლუციის გამოსახულებები, დაახლოებით ისე, როგორც ჰიდროლოკატორს იყენებენ ოკეანეში.
„როდესაც სურათებს გავადიდებთ, გამოვავლენთ, რომ ქვეშ იმალება ის, რაც მხოლოდ ნამდვილ მიწისქვეშა ქალაქად შეფასდეს“, — ამბობდა მალანგა.
მათივე განცხადებით, იქ „მრავალი სტრუქტურისგან შემდგარი მთელი ქალაქი იმალება“ და „ხეფრენის პირამიდა შეიძლება მრავალ საიდუმლოს მალავდეს, განსაკუთრებით კი სახელგანთქმული ჩანაწერების დარბაზი“.
ჩანაწერთა დარბაზის კონცეფცია პოპულარულია ძველეგვიპტურ სწავლებაში; მიჩნეულია, რომ ის უნდა ყოფილიყო უძველესი ბიბლიოთეკა სფინქსის დიდი პირამიდის ქვეშ და მასში თავს იყრიდა დიდი ოდენობით ინფორმაცია უძველესი ცივილიზაციის შესახებ.
დენვერის უნივერსიტეტის პროფესორი, რადარების ექსპერტი ლოურენს კოინერსი, რომელიც არქეოლოგიაზეა ფოკუსირებული, ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიას მიწისქვეშ ასე ღრმად შეღწევა არ შეუძლია.
მისი განცხადებით, იდეა, რომ რადარი მიწისქვეშა ქალაქის ქალაქის არსებობას ამტკიცებს, „უზარმაზარი გაზვიადებაა“.
თუმცა, ამბობს, რომ ეს უნდა იყოს პატარა სტრუქტურები, მაგალითად, შახტები და კამერები, რომელთაგან მრავალი ჯერ კიდევ პირამიდების აშენებამდე იყო წარმოდგენილი.
მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ მაიას ცივილიზაცია და სხვა მესოამერიკელი ხალხები პირამიდებს ხშირად აშენებდნენ იმ მღვიმეებისა და გამოქვაბულების თავზე, რომლებსაც მათთვის საცერემონიო მნიშვნელობა ჰქონდა.
პროფესორ მალანგასა და მისი კოლეგების, ფილიპო ბიონდისა და არმანდო მეის კვლევა წინა კვირაში განიხილეს იტალიაში გამართულ ბრიფინგზე.
პროექტის სპიკერი, ნიკოლ ჩიკოლო აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც სამი მკვლევარი განიხილავს კვლევის შედეგებს, რომელიც ჯერ სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა.
ჯგუფი ფოკუსირებული იყო ხეფრენის პირამიდაზე, რომელიც ხეოფსისა და მენკაურას პირამიდებთან ერთად წარმოქმნის გიზის კომპლექსის სამეულს.
მიჩნეულია, რომ ჩრდილოეთ ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე მდებარე ეს პირამიდები დაახლოებით 4500 წლის წინ აშენდა.
მკვლევართა განცხადებით, ზედაპირქვეშ აღმოჩენილი ვერტიკალური შახტების დიამეტრი 10-12 მეტრია და სულ მცირე 650 მეტრის სიღრმეში მდებარეობს; მათი აზრით, ისინი შეიძლება პირამიდების საყრდენებია, რადგან სხვა მხრივ, პირამიდები შეიძლება მიწაში ჩაძირულიყო.
ჯგუფი აქვეყნებს პულსების გამოყენებით შექმნილ სურათს, რომელიც მათი მტკიცებით მოიცავს „კომპლექსურ, კაშკაშა სტრუქტურას მკაფიო ვიბრაციებით“, რაც მათი აზრით, წარმოადგენს „ნამდვილ მიწისქვეშა ქალაქს“.
„დედამიწის ზედაპირქვეშ თავად პირამიდებთან შედარებით ვრცელი კამერების არსებობას გამორჩეულად ძლიერი კავშირი აქვს ლეგენდარულ ამენტის დარბაზებთან“, — ამბობს ჩიკოლო.
პროფესორმა მალანგამ და ბიონდიმ 2022 წლის ოქტომბერში სხვა, რეცენზირებული კვლევა გამოაქვეყნეს სამეცნიერო ჟურნალ Remote Sensing-ში; ამ კვლევაში მათ აღმოაჩინეს მალული ოთახები და პანდუსები ხეფრენის პირამიდაში და პირამიდის საძირკვლის სიახლოვეს მიაგნეს თერმული ანომალიის მტკიცებულებას.
ახალ კვლევაშიც ისეთივე ტექნოლოგია გამოიყენეს, მაგრამ ასევე დაიხმარეს თანამგზავრული მონაცემები.
ორბიტაზე, დედამიწის ზედაპირიდან 675 მეტრის სიმაღლეზე მოძრავი თანამგზავრიდან, რადარული სიგნალები პირდაპირ ხეფრენის პირამიდისკენ იყო მიმართული.
ამის შემდეგ, ექსპერტები აკვირდებოდნენ, როგორ აირეკლებოდა სიგნალები უკან და ისინი ბგერის ტალღებად გარდაქმნეს, რამაც მათ ქვების მიღმა „შეხედვისა“ და მიწისქვეშა სტრუქტურის 3D რუკის შექმნის საშუალება მისცა.
პროფესორი მალანგა ამტკიცებს, რომ შედეგები „სრულიად თანმიმდევრულია“ და ორი თანამგზავრის გამოყენება გამორიცხავს „არასწორი ინტერპრეტაციის“ შანსს.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.