ეგვიპტეში ფარაონ თუტმოს II-ის აკლდამა აღმოაჩინეს — პირველი ასეთი აღმოჩენა ტუტანხამონის აკლდამის შემდეგ #1tvმეცნიერება
ეგვიპტეში ფარაონ თუტმოს II-ის უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რაც სამეფო სამარხის პოვნისპირველი შემთხვევაა 1922 წელს ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ.
სამარხს სამხრეთ ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორის სიახლოვეს, ე. წ. მეფეთა ველზე მიაგნეს და ეკუთვნის მე-18 დინასტიის ფარაონ თუტმოს II-ს, რომელიც დაახლოებით 3500 წლის წინ მეფობდა.
თუტმოს II თავად ტუტანხამონის წინაპარი იყო, მისი ნახევარდა და მეუღლე დედოფალი კი გახლდათ ფარაონი ჰატშეფსუტი.

ჰატშეფსუტის გიგანტური აკლდამა-ტაძარი ლუქსორში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს, თუტმოს II-ის ახლად აღმოჩენილი სამარხიდან რამდენიმე კილომეტრში.
პირველადი კვლევების თანახმად, სამარხი ცარიელია და შიგთავსი უძველეს დროშივე სხვაგან გადაუტანიათ; შესაბამისად, იქ არც ფარაონის მუმიაა, თუმცა, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო აღმოჩენას „ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ მიღწევას“ უწოდებს.

გათხრები ეგვიპტურ-ბრიტანულმა მისიამ ჩაატარა.
სამარხის შესასვლელს პირველად 2022 წელს მიაგნეს, ლუქსორის მთებში, მეფეთა ველის დასავლეთით, მაგრამ მაშინ ჩათვალეს, რომ ის რომელიღაც ფარაონის ცოლს ეკუთვნოდა.

თუმცა, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა თაბაშირის ქილების ფრაგმენტები, რომლებზეც ფარაონ თუტმოს II-ის სახელი ეწერა, მოხსენიებული იყო, როგორც „გარდაცვლილი ფარაონი“. ასევე იპოვეს წარწერები, სადაც იკითხებოდა დედოფალ ჰატშეფსუტის სახელი. სამინისტროს განცხადებით, ამან დაადასტურა, ვის ეკუთვნოდა სამარხი.
ფარაონის დაკრძალვიდან მალევე, აკლდამა წყალს დაუტბორავს და ინტერიერი დაუზიანებია; დარჩენილია ბათქაშის ფრაგმენტები, რომლებზეც შემორჩენილია ამდუატის წიგნის ნაწილები — უძველესი დამკრძალავი ტექსტი მიწისქვეშეთის შესახებ.
სამარხში ასევე მიაგნეს თუტმოს II-ის კუთვნილ ზოგიერთ დამკრძალავ ავეჯს. არქეოლოგთა ჯგუფი ადგილზე მუშაობას აგრძელებს და მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ სამარხის თავდაპირველ შიგთავსსაც იპოვიან.
ბოლო წლებში, ეგვიპტეში მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა, რითაც ეგვიპტე ტურიზმის ინდუსტრიას აძლიერებს.
შარშან, ქვეყანაში 15,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა, 2025 წლისთვის კი მათი რაოდენობის 18 მილიონამდე გაზრდა სურთ.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.