ძველეგვიპტური ნაქალაქარის ქვეშ, მიწაში ჩამარხული უცნაური სტრუქტურა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტური ნაქალაქარის ქვეშ, მიწაში ჩამარხული უცნაური სტრუქტურა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ეგვიპტეში, ნილოსის დელტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, არქეოლოგები სკანირების ახალ ხელსაწყოებს ტესტავდნენ, როცა უძველესი ქალაქის ნანგრევების ქვეშ რაღაც უცნაური სტრუქტურა დააფიქსირეს.

ეს ქალაქი დაახლოებით 6000 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ, მრავალი სახელი გამოიცვალა. ძველეგვიპტელები მას პერ-უაჯიტს ეძახდნენ, რადგან ის მათი გველი ქალღმერთის, უაჯიტის წმინდა ადგილი იყო; ეგვიპტის ძველბერძნული კოლონიზაციის დროს, რაც ძვ. წ. 305 წელს დაიწყო, ქალაქს ბუტოს უწოდებდნენ; ამჟამად, ნაქალაქარს არაბული სახელი ტელ-ელ-ფარაინი ჰქვია, რაც „ფარაონთა ბორცვს“ ნიშნავს.

ქალაქის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მისი ნაგებობები შენდებოდა, ნადგურდებოდა და კვლავ ხელახლა აშენებდნენ დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით VII საუკუნემდე, სანამ ის საბოლოოდ ნანგრევებად არ იქცა.

ბუტოს მრავალი მცხოვრების მიერ დატოვებულ მასალათა ფენები მას არქეოლოგთათვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. მიუხედავად ამისა, ტალახის დანალექები, მიწისქვეშა წყლები და ადგილის ზომა და სიღრმე ტრადიციული გათხრებისთვის გარკვეულწილად შემაფერხებელი ფაქტორია.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის თანამგზავრული რადარის და ელექტრული რეზისტენტობის ტომოგრაფიის (ERT), ეგვიპტის ქაფრელშეიხის უნივერსიტეტის ჯგუფმა არქეოლოგ მოჰამედ აბუარაბის ხელმძღვანელობით, შრეებს შორის შეიხედა, რათა გაერკვია, რა შეიძლება ყოფილიყო იქ დამალული.

2018 წელს თანამგზავრ Sentinel-1-ის მიერ გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოებზე ჯგუფმა ძეგლის ზედაპირზე გამოავლინა ფართომასშტაბიანი ანომალიები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს მიწაში ჩამარხული სტრუქტურები; შესაბამისად, ამ ადგილის კვლევა ნამდვილად ღირდა.

მას შემდეგ, რაც მონაკვეთზე, სახელად Kom C, გამოავლინეს 15 საინტერესო კანდიდატი, კვლევა ელექტრული რეზისტენტობის ტომოგრაფიით (ERT) დაიწყეს. ყველა ადგილზე, რომელიც მათი ინტერესის საგანი იყო, გაატარეს დადეს 69 მეტრის სიგრძის კაბელი, რომლის გასწვრივაც მოათავსეს უჟანგავი ფოლადის 24 ელექტროდი.

ეს ელექტროდები ელექტროდენს მიწაში უშვებს, შემდეგ კი, წინაღობის ან გამტარობის რაოდენობა, რომელიც დენს გზად ხვდება, გამოიყენება იმის შესაცნობად, რა არის ქვემოთ — დაახლოებით ჰგავს მიწის ძალიან დიდმასშტაბიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

ამ პროცესით, Kom C-ზე გამოიკვეთა წინაღობის 1332 ჩანაწერი, რომლებმაც გამოავლინეს იდუმალი, ნაწილობრივ ჩამარხული თიხის აგურის სტრუქტურა ზომით 25X20 მეტრი, მიწაში 3-6 მეტრის სიღრმეზე, დამსხვრეული კერამიკისა და ნანგრევების ქვეშ, რომლებიც რომაულ და პტოლემეურ პერიოდებს ეკუთვნის, ძვ. წ. 332-დან 395 წლამდე.

„ჩამარხული აგურის კედლებისა და არქიტექტურული ნაგებობების გამოკვეთისთვის განსაკუთრებით ეფექტიანი იყო 3D ინვერსიული ალგორითმები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააძლიერე ჩვენი გაგება ძეგლის ფორმაციის პროცესების შესახებ“, — წერენ მკვლევრები.

ძველი ეგვიპტე

შემდგომმა გათხრებმა დაადასტურა ის, რაც სკანირებებმა გამოავლინა. სტრუქტურა დაახლოებით 2600 წლისაა, ეგვიპტის ოცდამეექვსე დინასტიის პერიოდის — ეს იყო ძველი ეგვიპტის უკანასკნელი დინასტია, რომელიც ძვ. წ. 525 წლამდე მეფობდა, ვიდრე სპარსელები დაიპყრობდნენ.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის აგურის კედლები, ამულეტებისა და 26-ე დინასტიის სხვა ობიექტების კოლექცია, მათ შორის იყო უცნაური, ჰიბრიდული ფიგურები, რომლებშიც გაერთიანებული იყო ბაბუინის, შავარდნისა და პატიკოსის (ჯუჯა ღმერთი) ელემენტები.

სხვა ამულეტებზე გამოსახული იყო უფრო ცნობილი ეგვიპტური ღვთაებები, მათ შორის, ისიდა, ჰოროსი, ტაურტი და რა თქმა უნდა, ბუტოს ქალღმერთი უაჯიტი.

ყველა ამ სპირიტუალური არტეფაქტის გათვალისწინებით, არქეოლოგები ეჭვობენ, რომ შენობა შეიძლება რელიგიურ მიზნებს ემსახურებოდა.

„ამულეტების, საკურთხევლისა და სხვა სპირიტუალური ობიექტების არსებობა მიუთითებს, რომ ეს ნაგებობა შეიძლება ტაძარი იყო, გარკვეული სახის რელიგიური სერვისის კომპლექსი, შეიძლება სამგლოვიარო ფუნქციის, შეიძლება ქურუმების რეზიდენცია“, — წერენ მკვლევრები.

თუმცა, ამ ეტაპზე ნაგებობის ზუსტი ფუნქციის დადგენა რთულია. შეიძლება ყველაფერი გათხრების მსვლელობისას გაირკვეს.

ამ ტექნოლოგიის ტესტირება უკვე წარმატებული აღმოჩნდა, რაც აჩენს იმედს, რომ დეტალურად შეისწავლიან ძეგლის კიდევ უფრო დიდ სიღრმეებს.

კვლევა Acta Geophysica-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.