თანამედროვე კატები შეიძლება ძველეგვიპტელებმა მოიშინაურეს მსხვერპლშეწირვის მიზნით — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
თანამედროვე კატები შეიძლება ძველეგვიპტელებმა მოიშინაურეს მსხვერპლშეწირვის მიზნით — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის თანახმად, კატების მოშინაურებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშა ძველეგვიპტელთა მსხვერპლშეწირვის რიტუალებმა.

მუმიფიცირებული კატები (Felis catus) იმდენად გავრცელებულ ძღვენს წარმოადგენდა ეგვიპტური ღმერთებისადმი, რომ დაახლოებით 3000 წლის წინ, ადამიანებმა მათი გამრავლება დაიწყეს.

მეცნიერთა შეფასებით, ძველეგვიპტელებმა ჯამში 70 მილიონამდე ცხოველის მუმიფიცირება მოახდინეს; მათ შორის იყვნენ კატები, ბიგები, შავარდნები, ნიანგები, იბისები.

ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, დიდი ოდენობით კატის ერთად გაზრდა ხელს შეუწყობდა უფრო სოციალური და მორჩილი ინდივიდების ჩამოყალიბებას. ასეთ მოთვინიერებულ კნუტებს სავარაუდოდ სხვა ქვეყნებშიც ყიდდნენ.

კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, კატები თანდათანობით თავად მოშინაურდნენ ნეოლითის ხანის ევროპაში, როცა ადამიანები სოფლის მეურნეობაზე გადადიოდნენ, რაც კატებისთვის უხვად აჩენდა მარცვლეულზე მიჩვეულ მღრღნელებს. ამან კი შეიძლება, ვირთხებით შეწუხებული გლეხები შეაგულიანა, რომ მავნებლების საკონტროლებლად კატები ჰყოლოდათ.

2024 წელს კვიპროსში აღმოაჩინეს 9500 წლის სამარხი, რომელშიც კატისა და ადამიანის ნეშტები იყო მოთავსებული; ეს აღმოჩენა თითქოს მხარს უჭერდა ნეოლითში მოშინაურების თეორიას. თუმცა, ორი ახალი კვლევის თანახმად, შინაური კატის მორფოლოგია და დნმ ამ სცენარს არ ადასტურებს.

ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ზოოარქეოლოგმა სინ დოჰერტიმ და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს შეადარეს შინაური კატებისა და ევროპული ველური კატების (Felis silvestris) ძვლები და დაადგინეს, რომ მათი მახასიათებლები ისევე ჰგავს შინაური კატებისას, როგორც აფრიკული ველური კატებისას (Felis lybica).

ამას გარდა, კვიპროსის სამარხში აღმოჩენილი კატა მორფოლოგიურად უფრო ევროპულ ველურ კატას ჰგავს, ვიდრე აფრიკულს. სამწუხაროდ, მისი გენეტიკური მასალა იმდენად დეგრადირებულია, რომ შესწავლა შეუძლებელია.

F. catus-ის არაევროპული წარმოშობა ასევე დასტურდება რომის უნივერსიტეტის პალეოგენეტიკოს მარკო დე მარტინოს მიერ ჩატარებული კვლევით. მისი ჯგუფის გენეტიკური ანალიზები მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ შინაური კატების წინაპრები აფრიკული ველური კატები არიან.

ევროპაში, ანატოლიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბულგარეთსა და იტალიაში აღმოჩენილი 70 უძველესი კატის გენომის ანალიზებმა მიუთითა შინაური კატების წარმოშობის ყველაზე სავარაუდო ადგილზე.

„ჩვენმა შედეგებმა წარმოაჩინა, რომ თანამედროვე შინაური კატების გავრცელება დაიწყო არა ნეოლითის ხანაში ან არა ნაყოფიერი ნახევარმთვარის რეგიონიდან, არამედ რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ და დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ აფრიკიდან“, — ამბობენ დე მარტინო და მისი კოლეგები.

ამ გენებმა ცხადყო ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელების ორი ტალღა, პირველი ძვ. წ. პირველ ათასწლეულში, რა დროსაც კუნძულ სარდინიაზე ველური პოპულაცია შევიდა და შემდეგი ტალღა, როდესაც შინაური კატები ისეთებად იქცნენ, როგორებიც დღეს არიან.

როგორც ჯგუფმა დაადგინა, F. catus-მა ჩინეთს მხოლოდ ახ. წ. მე-8 საუკუნეში მიაღწია.

სხვა მკვლევრები მაინც ირწმუნებიან, რომ კატის მოშინაურების პროცესი ეგვიპტელების მასობრივ მსხვერპლშეწირვებამდე საუკუნეებით ადრე დაიწყო. კატებთან ადამიანთა ურთიერთობის შემთხვევები მართლაც მრავალჯერ მოხდა, მათ შორისაა კვიპროსის მაგალითი და ადრეული ეგვიპტური სამარხები (ძვ. წ. 3800), მაგრამ ისინი აუცილებლად კატების იმ ხაზს არ ეკუთვნიან, რომელიც შემდეგში F. catus-ი გახდნენ.

ყველაზე ადრეულ გენეტიკურად დადასტურებულ შინაურ კატას წარმოადგენს მსხვერპლად შეწირული მუმიფიცირებული კატა ძვ. წ. 500 წელს.

„თანამედროვე და ძველეგვიპტური კატების გენომური მონაცემები (ძველეგვიპტურის ამჟამად მწირადაა), ამ ორი ჰიპოთეზის შემოწმების საშუალებას მოგვცემს“, — წერს დე მარტინოს ჯგუფი.

თუკი F. catus-ის ეგვიპტური წარმომავლობა რეალური აღმოჩნდა, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რელიგიურმა თაყვანისცემამ ადამიანებს ცხოველის მოშინაურებისკენ უბიძგა.

„კულტები და რელიგია ხშირად წარმართავს ცხოველთა გადაჯგუფებებს. მაგალითად, ირემლაღის გავრცელება პირდაპირ იყო დაკავშირებული არტემიდესა და დიანას კულტებთან, ქათმების კი მერკურისა და მითრასთან“, — წერენ სინ დოჰერტი და მისი ჯგუფი.

მათი განცხადებით, ძველეგვიპტური ქალღმერთი ბასტეტი, რომელიც ძვ. წ. მესამე ათასწლეულში გამოჩნდა, გამოისახებოდა ლომის თავით, მაგრამ ძვ. წ. მე-9 – მე-7 საუკუნეებში მას სულ უფრო ხშირად გამოსახავდნენ აფრიკული ველური კატის თავით. ეს ტრანსფორმაცია დაემთხვა კატების მსხვერპლშეწირვის აღზევებას, როცა ხდებოდა მილიონობით უპატრონო და სპეციალურად მოშენებული კატების მუმიფიცირება და ღმერთებისათვის შეწირვა.

პუბლიკაციები ჯერ რეცენზირებული არ არის და ხელმისაწვდომია აქ და აქ სერვერზე bioRxiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.