მეცნიერებმა კატების ევოლუციის აქამდე უცნობი დეტალები გაარკვიეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა კატების ევოლუციის აქამდე უცნობი დეტალები გაარკვიეს — #1tvმეცნიერება

კატის ხუთი სახეობის სრული გენომის დეტალური ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა ამ ცხოველების ევოლუციის ზოგიერთი დიდი ხნის საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნეს; შედეგად, ახლა გაცილებით უკეთესად ვიცით, როგორ ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა სახეობები.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შესწავლილ სახეობებს შორის იყო შინაური კატები, ლომები და ვეფხვები. გამოიყენეს ე. წ. ტრიო ბინინგის მეთოდი, რომელიც ორგანიზმის თითოეული მშობლისგან მიღებული დნმ-ის ამოღებისა და იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

ამ შემთხვევაში, მეთოდი ორ ჰიბრიდზე გამოიყენეს, რამაც მკვლევრებს კონკრეტული გენომების მინიმალურად მცირე ხარვეზებით გარჩევის საშუალება მისცა.

„ჩვენი მიზანი იყო უკეთესად გაგვეგო, როგორ ჩამოყალიბდნენ კატები და შეგვესწავლა კატის სახეობებს შორის ნიშან-თვისებების განსხვავებების გენეტიკური საფუძველი. გვსურდა, ახალი ტექნოლოგიების უპირატესობა გამოგვეყენებინა, რაც კატის გენომის უფრო სრულყოფილი რუკების შექმნის საშუალებას გვაძლევს“, — ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის ზოოლოგი ბილ მერფი.

ერთ-ერთი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც ჯგუფს სურდა, იყო ის, თუ რატომ აქვთ კატებს სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით ცოტა კომპლექსური გენეტიკური ვარიაციები. მაგალითად, ლომისა და შინაური კატის ქრომოსომებში არც ისე დიდი სხვაობაა.

კატები

 

ახალი ანალიზების მიხედვით, ამის მიზეზი არის სეგმენტურ დუბლირებათა სიხშირე, ანუ დნმ-ის მონაკვეთების სხვა მონაკვეთებთან ძლიერი მსგავსება. კატებში ეს სხვა ძუძუმწოვრებზე გაცილებით ნაკლებია, რაც მათ გენომს უფრო მეტ სტაბილურობას უნარჩუნებს და განაპირობებს ნაკლებ სახეობებს.

მიუხედავად იმისა, რომ კატებში გენეტიკური ვარიაციები დიდად გავრცელებული არ არის, ზოგიერთი ვარიაცია მაინც წარმოდგენილია; კიდევ ერთი აღმოჩენა ნათელს ჰფენს, დნმ-ის რომელი ნაწილია პასუხისმგებელი ამ ცვლილებებზე — განსაკუთრებით იმ ვარიაციათა თვალსაზრისით, რომლებიც ცალკეულ სახეობებს განსაზღვრავს.

მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა დნმ-ის კონკრეტული განმეორებადი ელემენტი, სახელად DXZ4, რომელსაც თანამგზავრ გამეორებას უწოდებენ — ზემოქმედებს X ქრომოსომის 3D სტრუქტურაზე და გავლენას ახდენს სახეობებად გაშლაზე. კატებში DXZ4 სეგმენტი 99,5 პროცენტით უფრო სწრაფად განიცდის ევოლუციას, ვიდრე გენომის დანარჩენი ნაწილი.

მეთევზე კატა

გენომის ძლიერ დეტალური სეკვენირების საშუალებით, ახალი აღმოჩენა გაკეთდა ყნოსვის გენების შესახებაც. როცა საქმე ამ გენებს ეხება, სახეობებს შორის ძალიან ბევრი ვარიაციაა, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ კატის ზოგიერთ სახეობას დღემდე სჭირდება ძლიერი ყნოსვა, ზოგს კი აღარ.

კვლევამ აჩვენა, რომ ისეთ სახეობებს, როგორიც არის მეთევზე კატა (Prionailurus viverrinus), შენარჩუნებული აქვთ გენები, რომლებიც მას წყლიდან წამოსული სუნების აღქმაში ეხმარება და შესაბამისად, მსხვერპლის დაჭერაშიც; ამ დროს, ეს გენები დაკარგულია შინაურ კატებში, რომლებსაც ასეთი ნადირობის საჭიროება სულ არ აქვთ.

ერთად აღებული, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ იქ, სადაც კატის სახეობები ერთმანეთისგან გენეტიკურ დონეზე განსხვავდებიან, ამ სხვაობათა შედეგები მართლაც დიდია. ასეთი ცნობები დიდად დაეხმარება მეცნიერებს, კონსერვაციონისტებსა და ყველას, ვინც ამ მოხდენილ ცხოველებთან მუშაობს.

კვლევა Nature Genetics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.