ეგვიპტეში აღმოაჩინეს უძველესი მუმიები, რომლებსაც ოქროს ენები აქვთ — #1tvმეცნიერება
ეგვიპტეში აღმოაჩინეს უძველესი მუმიები, რომლებსაც ოქროს ენები აქვთ — #1tvმეცნიერება

ეგვიპტეში, ქალაქ ალ-ბაჰანასის სიახლოვეს აღმოაჩინეს ათზე მეტი მუმია, რომელთა ენებიც ოქროს ფირფიტებითაა დაფარული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ძველეგვიპტელთა რწმენით, ეს პრაქტიკა მიცვალებულებს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში ლაპარაკის საშუალებას აძლევდა.

მთელი ეს საგანძური არქეოლოგებმა უძველეს ქალაქ ოქსირინჰუსში (თანამედროვე სახელი ალ-ბაჰანასა), პტოლემეების ეპოქის (ძვ. წ. 305-30 წწ) სამარხში აღმოაჩინეს, რომელიც პიროვნებას, სახელად ვენ-ნეფერს ეკუთვნოდა.

საგანძური მოიცავს არა მხოლოდ 12 ოქროს ენას, არამედ მუმიას ოქროს ფრჩხილებით; ასევე სკარაბეუსები (ხოჭოს ფორმის ავგაროზი), ამულეტები, კერამიკა, კანოპური ქილები, რომლებშიც გარდაცვლილებისთვის ამოცლილ შინაგან ორგანოებს ინახავდნენ. კედლები მოხატულია დახვეწილი, მოოქროვილი სცენებით, სადაც ასახულია ღმერთები, ვარსკვლავები, ბალზამირების პროცესი.

ბარსელონის უნივერსიტეტისა და გერმანიის ძველი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ამდენი ასეთი არტეფაქტი ალ-ბაჰნასაში პირველად აღმოაჩინეს.

„აღმოჩენა ახალ ცნობებს გვაწვდის პტოლემეების ეპოქის ალ-ბაჰნასის რელიგიური პრაქტიკისა და სამგლოვიარო ტრადიციების შესახებ“, — ამბობს ეგვიპტის სიძველეთა უზენაესი საბჭოს გენერალური მდივანი ისმაილ ხალედი.

ოქროს ენები ძველეგვიპტურ საფლავებში მწირად არის აღმოჩენილი, რისი მიზეზიც ნაწილობრივ შეიძლება იყოს ძარცვა. თუმცა, ისინი მინიშნებებს გვაწვდის იმისა, თუ რისი წაღება მიაჩნდათ ეგვიპტელებს მნიშვნელოვნად სიკვდილის შემდეგ. ოქროს ენის ამულეტებს მიცვალებულებს პირში უდებდნენ, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ისინი სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში ლაპარაკს შეძლებდნენ, როცა ისინი ოსირისის სასამართლოს წინაშე წარდგებოდნენ.

ფრჩხილებზე ოქროს საფარს იყენებდნენ განსაკუთრებით მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებაზე; არქეოლოგთა აზრით, ამას დამცავი დანიშნულება ჰქონდა — არა მხოლოდ ბალზამირების პროცესში დაზიანებისგან, არამედ სულიერი საფრთხეებისგანაც.

აღმოჩენა მოიცავს პტოლემეების ხანის 52 მუმიას, დიდი სამარხის სტრუქტურას, რომელშიც 300 მუმია გვერდი-გვერდ იყო ჩაწყობილი, სხვადასხვა ამულეტსა და სკარაბეუსს, რომლებზეც გამოსახული იყო ღმერთები — ჰოროსი, თოტი, ისიდა, ანუბისი, ოსირისი, ატუმი და ნუტი.

სამარხში მოთავსებული იყო კირქვის ოთხი ხელუხლებელი სარკოფაგი, ერთ კამერაში კი დასვენებული იყო კაცის მუმია, რომელსაც ოქროს ენა და გულსაბნევი სკრაბეუსი ჯერ კიდევ თავდაპირველ პოზიციაში ჰქონდა. განსაკუთრებით საინტერესოა გულსაბნევი სკარაბეუსი: ის მუმიის სახვევებში იყო მოქცეული, გულის ზემოდან, რათა მას სიკვდილის შემდეგ მოგზაურობაში დახმარებოდა.

შთამბეჭდავია კედლის მხატვრობა. დედებისა და კოსმოსის ღვთაება ნუტი ვარსკვლავებით მოჭედილი ლურჯი ცის ფონზე მკერდმოშიშვლებულია გამოსახული. სხვა ღმერთები მშვიდად მისეირნობენ სამგლოვიარო ნავებით ასეთივე მდიდარი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.

ასევე გამოსახულია მამაკაცი ოქროს ფოთლით, ალბათ თავად ვენ-ნეფერი, რომელსაც ბალზამირებას ღმერთი ანუბისი უტარებს; პროცესს აკვირდებიან ქალღმერთი ისიდა და ნეფტიდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.