ეგვიპტეში აქამდე უცნობი მეომარი ფარაონის სამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ანუბისის მთებში მიმოფანტულ სამარხთა ქსელში არქეოლოგებმა ძველი ეგვიპტის უცნობი ფარაონის სამარხი აღმოაჩინეს.
„ფარაონის სამარხის აღმოჩენა იშვიათია“, — ამბობს არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯოზეფ ვენგერი.
ფარაონის ვინაობა არქეოლოგებმა ჯერ არ იციან, რადგან სამარხის კედლებზე უძველეს მძარცველთა მიერ წაშლილია მისი სახელი.
თუმცა, ის შეიძლება ეკუთვნოდეს ეგვიპტის ისტორიის იმ პერიოდს, ძვ. წ. 1640 – 1540 წლებს შორის, როცა მეომარი ფარაონები ტერიტორიებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ.

„ნამდვილად მომაჯადოებელი პერიოდია, არეულობისა და კონფლიქტების. ასე დაიბადა ახალი სამეფო, სახელგანთქმული ფარაონების, თუნდაც ტუტანხამონისა და რამზესის ოქროს ხანა“, — ამბობს ვენგერი, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის ეგვიპტის განყოფილების კურატორია.
ვენგერის ჯგუფმა 3600 წლის წინანდელი სამარხი ანუბისის მთებში, შვიდი მეტრის სიღრმეში, ქვიშის ქვეშ, ნეკროპოლთან აღმოაჩინა.

ის აბიდოსის ნაწილია, ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, რომელიც ერთ დროს ნაკლებად ცნობილი აბიდოსის დინასტიის სამშობლო იყო. მკვლევართა აზრით, ერთ-ერთი იყო ეგვიპტის მეორე შუალედური პერიოდის რამდენიმე მებრძოლი სამეფოდან.
ვენგერის განცხადებით, აბიდოსის დინასტია იდუმალებითაა მოცული.

დღეისათვის ამ უძველეს ქალაქში არქეოლოგიური ძეგლებია მიმოფანტული, იქ, სადაც აბიდოსის მეფეებმა ნეკროპოლი სამეფო სასაფლაოდ გარდაქმნეს.
ამ ზონაში, ვენგერის ჯგუფმა 2014 წელს აღმოაჩინა სამარხი, რომელშიც ფარაონ სენებკაის ნაშთები აღმოჩნდა.
სამარხთა უძველეს მძარცველებს მისი სხეული სამარხიდან ამოღებული და სხვა კამერაში გადატანილი ჰქონდათ.

საუკუნეების შემდეგ, მკვლევრებმა მისი ჩონჩხი შეისწავლეს და ძვლებში 22 ტრავმულ ჭრილობას მიაგნეს, მათ შორის, საბრძოლო ხანჯლის დარტყმას, რომელმაც მისი თავის ქალა დაბზარა. მკვლევართა დასკვნით, ის ბრძოლაში მომკვდარა.
სებენკაის სამარხის კედლები შემკული იყო ფერადი ნახატებით, მათ შორის მეფის სახელის იეროგლიფებით.

ამის შემდეგ, მისი სამარხის გარშემო შვიდი სხვა სამარხი აღმოაჩინეს, ისინიც აბიდოსის მეფეების.
ამ რეგიონში არსებული მონუმენტების საფუძველზე ვენგერისთვის ცნობილია ორი ფარაონი, რომელთა სამარხიც ჯერ აღმოჩენილი არ არის და ახალ სამარხში შეიძლება სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყოს. მათი სახელებია სენაიიბი და პაენტჯენი.
არქეოლოგებმა მინიშნებები შეიძლება მიმდებარე ზონის გათხრისას იპოვონ. უკვე დასრულებულია სამარხის ინტერიერის გათხრები.
ვენგერს იმედს ერთი დეტალი აძლევს — ჯერ არ უპოვიათ უცნობი ფარაონის კანოპური ქილები, რომლებშიც მუმიის ორგანოებს ინახავდნენ. ზოგჯერ ფარაონის სახელი სწორედ ამ ქილებზე ეწერა.
ანუბისის მთებში გათხრები 1990-იან წლებში დაიწყო და მას შემდეგ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.