„მე გადავრჩები. გადავიტან ყველა მათ ომს. გადავიტან დონბასს, ჩეჩნეთის მესამე ომს და ყველა სხვა ახალ ლოკალურს, რომელთა გაჩაღებას ისინი კიდევ მოასწრებენ აგონიაში. გადავურჩები პუტინიზმს, კადიროვშინას, რუსულ ბუნტს უაზროსა და უმოწყალოს, რომლისკენაც ისინი ასე ჯიუტად უბიძგებენ ქვეყანას… გადავურჩები ყველა მათ ანტიმაიდანს, ვიცოცხლებ იმაზე დიდხანს, ვიდრე „ქირურგი“, მილონოვი, მიზულინა და ლავროვი ერთად აღებული. ვიცხოვრებ დიდხანს… და მოვკვდები 96 წლის ასაკში, საკუთარ საწოლში 12 შვილიშვილისა და 40 შვილთაშვილის გარემოცვაში“ – სამხედრო ჟურნალისტმა არკადი ბაბჩენკომ ეს წერილი 2015 წლის აპრილში, ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრების პერიოდში დაწერა.
ბაბჩენკო მაშინ ფიქრობდა, რომ ღრმად მოხუცებული შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გარემოცვაში გაატარებდა სიცოცხლის ბოლო დღეებს. ამ წერილის გამოქვეყნებიდან ორ წელიწადში ის იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა. მიზეზად მის მიმართ მუქარები დაასახელა. თავდაპირველად, ბაბჩენკო ჩეხეთში გადავიდა, შემდეგ ისრაელში გაემგზავრა. 2017 წლის აგვისტოდან კი, კიევში ცხოვრობდა. უკრაინაში ბაბჩენკოს ტელეკომპანია ATR-ზე გადაცემა მიჰყავდა.
ბაბჩენკო 41 წლის ასაკში, 2018 წლის 29 მაისს კიევში, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მას ზურგში სამჯერ ესროლეს. ჟურნალისტი საავადმყოფოში მიყვანამდე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.
ჟურნალისტი ჩეჩნეთის ომების მონაწილე იყო. მოგვიანებით, უკვე როგორც ჟურნალისტი, არაერთ ცხელ წერტილში იმყოფებოდა, აშუქებდა რევოლუციებსა და სამხედრო გადატრიალებებს. არკადი ბაბჩენკო „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა, წერდა „ნოვაია გაზეტასთვის“ და სხვა გამოცემებისთვის. თანამშრომლობდა რუსულ ტელეარხებთან.
საქართველოს მოსახლეობას ის ყველაზე მეტად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაამახსოვრდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დაბრუნებულმა რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა, რომლებსაც თან ახლდა ომის ამსახველი შემზარავი ფოტოები.
მოგვიანებით, არაერთ ინტერვიუში არკადი ბაბჩენკო აცხადებდა, რომ ცხინვალში გაემგზავრა იმ განწყობით, რომ საქართველო თავს დაესხა ე.წ. სამხრეთ ისეთს. თუმცა კონფლიქტის ზონაში ბევრი რამ გადააფასა.
2017 წლის აგვისტოში „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში არკადი ბაბჩენკომ აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე დღეები გაიხსენა.
„რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე 10 და 11 აგვისტო იყო. ცხინვალში მშვიდობისმყოფელების შტაბი მდებარეობდა, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. გამოვედი შტაბიდან, ვხედავ, დგას კოლონა… ვხედავ სხედან ჩეჩნები. ვეუბნები: „საით, ბიჭებო?“, ისინი მეუბნებიან: „თამარაშენის გასაწმენდად, ოთხი საათით“. ვეუბნები: „შეიძლება თქვენთან ერთად?“, ისინი: „დაჯექი, რა თქმა უნდა“. მე ტანკზე შევხტი და მათთან ერთად წავედი. თუმცა აღმოჩნდა, რომ არანაირი თამარაშენის გასაწმენდად ჯარი არ მიდიოდა, ის გორის დასაკავებლად წავიდა. ეს უკვე საქართველოს სიღრმეში მარში იყო. მივედით სოფელ ზემო ნიქოზამდე – ასეთი სოფელია გორსა და ცხინვალს შორის. როგორც ყოველთვის, ისევ გამოვტოვეთ მოსახვევი. ჯარი იქ არ უნდა შესულიყო, უნდა შემოევლო. თუმცა რუკები არ არის, არაფერი არ არის, არავინ არაფერი იცის. რუკები ძველია. შევედით სოფელში. კოლონა ალყაში აღმოჩნდა. იყო ბრძოლა. იყო საკმაოდ სერიოზული ბრძოლა. ჩემი აზრით, იყო 13 გარდაცვლილი, დაწვეს ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი კამაზი თუ „ურალი“. სერიოზული ბრძოლა იყო, იქ ერთი დღე-ღამე გავატარეთ. მეორე დილით წავედით გორში, წავაწყდით ქართულ განადგურებულ კოლონას, რომელიც უკვე ჩვენი კოლონის სათავო ნაწილის ალყაში აღმოჩნდა. იყო რამდენიმე განადგურებული მანქანა, ძალიან ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი ხალხი. მივედით გორამდე. და ამ დროს ჩამოფრინდა სარკოზი, მედვედევს შეუთანხმდა და ომი გააუქმეს. ეს ორი დღე, რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე იყო“, – იხსნებდა ბაბჩენკო.
ბაბჩენკო ამბობდა, რომ 2008 წლის ომისადმი დამოკიდებულება მას მოგვიანებით შეეცვალა, როდესაც მოვლენა, როგორც ჟურნალისტმა, შეაფასა.
„თავდაპირველად, ჩავედი რეპორტაჟის დასაწერად, შემდეგ დავიწყე გაანალიზება, დავიწყე რაღაცის გარკვევა, ამ ომმა ჩამითრია. მოგვიანებით, მე „სამხრეთ ოსეთში“ კიდევ რამდენჯერმე ჩავედი, ალბათ სამჯერ. იმ მომენტამდე, ვიდრე „სამხრეთ ოსეთში“ ჩემი რეპორტაჟები არ წაიკითხეს. ავტომატის ლულა მომადეს მუცელზე და მითხრეს: „ჯობს, აქ აღარ ჩამოხვიდე“. მე გავიგე მათი და აღარ ჩავსულვარ. დავიწყე ამ კონფლიქტის შესწავლა, როგორც ჟურნალისტმა და ნელნელა, თანდათან გავაცნობიერე: „მეგობრებო, რაღაც, ალბათ ისე არ იყო“. შემდეგ აცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი რამ „ისე არ იყო“, შემდეგ კი აცნობიერებ, რომ ყველაფერი „ისე არ იყო“. წინაისტორიის, თავად კონფლიქტის შესწავლისას, უკვე მოგვიანებით, რამდენიმე თვის ან შეიძლება ერთი ან ორი წლის შემდეგ, მე მივედი დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი იყო იგივე, რაც ადრე ხდებოდა, იგივე, რაც ხდებოდა უკრაინაში. ეს იყო რუსეთის აგრესია, იმპერიული დამპყრობლური ომი. რუსეთი ამ აგრესიას ამზადებდა, როგორც შეეძლო. რუსეთმა მოახდინა საქართველოს პროვოკაცია და პირველივე შესაძლებლობაზე, შეიყვანა იქ თავისი არმია და განახორციელა ქართული ტერიტორიის ნაწილის ანექსია“, – ამბობდა ბაბჩენკო ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთი ყველანაირად უჭერდა მხარს ამ ბანდიტურ რესპუბლიკებს და ათწლეულების განმავლობაში აქეზებდა მათ.
„საქართველო ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას. უპირობოდ, მას სურდა იქ თავისი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. უპირობოდ, საქართველომ გადაწყვიტა ძალის გამოყენება, თუმცა, მაპატიეთ, ეს საქართველოს უფლებაა. საქართველოს ჯარი ქართულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მიმაჩნია, რომ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი თავისი არმიის გამოყენებით. თუმცა თუ შენი ჯარი, როგორც რუსეთის ჯარი, იჭრება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს არის ინტერვენცია, ოკუპაცია. აქ საუბარი ზედმეტია“, – ამბობდა ბაბჩენკო.
ინტერვიუში არკადი ბაბჩენკო აღნიშნავდა, რომ ქართველების წინაშე დანაშაულს გრძნობდა და ბოდიშიც მოუხდია.
„რუსეთის არმია ჩემი არმია იყო. მე უკვე მაშინ ამ ხელისუფლებისადმი უკიდურესად ნეგატიურად ვიყავი განწყობილი, თუმცა მაინც ჩემი პოზიცია იყო ასეთი, რომ რუსეთი ჩემი ქვეყანაა, დაე, ის არ არის მართალი, თუმცა ის ჩემი ქვეყანაა, დაე, ჩემი არმია არ იყოს მართალი, მაგრამ ეს ჩემი არმიაა. მე მაინც რუსეთის მხარეს ვარ, თუმცა ვამბობ, რომ „მეგობრებო, თქვენ არ ხართ მართლები, თქვენ დამნაშავეები და მკვლელები ხართ“, – აცხადებდა ჟურნალისტი.
მოგვიანებით, როდესაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაიწყო, არკადი ბაბჩენკო მზადყოფნას გამოთქვამდა, სასამართლოს წინაშე ჩვენებები მიეცა.
„იმ ომში, ვერ ვიტყვი, რომ ვნახე ყველაფერი, თუმცა რაღაც ვნახე. როგორ იწვოდა თამარაშენი, რომელიც ამხანაგ კოკოითის შესანიშნავი გამოთქმით, „მიწასთან გავასწორეთ“ – ვნახე. ისიც ვნახე, როგორ იწვოდა სხვა ქართული სოფლებიც, როდესაც გორიდან ჯავაში ვბრუნდებოდი. ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე ფოტოაპარატზეც კი დავაფიქსირე. ლამაზი სოფლები ლამაზად იწვის? ნუ-ნუ. და მაინც ჩვენ ხომ ტყუილად არ ვმუშაობთ? მე მივცემ ჩვენებებს. დადგა ეს დროც“, – დაწერა ბაბჩენკომ სოციალურ ქსელში 2016 წლის იანვარში და საქართველოში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
შენიშვნა: აღნიშნული მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არკადი ბაბჩენკო ცოცხალია, ხოლო მისი მკვლელობა ინსცენირებული იყო.