„ბიბისი“ - მალტაზე ჟურნალისტის მკვლელობაში ხელისუფლებას სდებენ ბრალს
„ბიბისი“ - მალტაზე ჟურნალისტის მკვლელობაში ხელისუფლებას სდებენ ბრალს

მალტაზე ჟურნალისტის მკვლელობაში ხელისუფლებას სდებენ ბრალს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მალტელი მოსამართლეების მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, გამომძიებელი რეპორტიორის, დაფნე კარაუნა გალიციის მკვლელობაში ირიბად ქვეყნის ხელისუფლებაა დამნაშავე.

ორი წლის განმავლობაში პენსიაზე გასულმა მოსამართლეებმა, მაიკლ მალიამ, ჯოზეფ საიდ პულიჩინომ და აბიგაილ ლოფარომ გამოიკითხეს ათობით მოწმე, მათ შორის გამომძიებლები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონებმა შექმნეს დაუსჯელობის ატმოსფერო, რომელიც სამართალდამცავ და მარეგულირებელ ორგანოებზეც ვრცელდებოდა, ყოველივე ამან კი კანონის უზენაესობის ჩამოშლა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის თანახმად, ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არაპირდაპირი გზით ხელისუფლებას ეკისრება.

ოფიციალური გამოძიებით, კარაუნა გალიციის მკვლელობაში სამი პირი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დანარჩენი ორის სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალი მალტელ ბიზნესმენს, იორგენ ფენეკსაც ედება. ფენეკი ბრალს არ აღიარებს.

53 წლის ჟურნალისტი 2017 წელს საკუთარი სახლის წინ, მანქანაში ააფეთქეს. ჟურნალისტმა მალტის პრემიერ-მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულა. მან ე.წ. პანამის დოსიეზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მტკიცებულებები, რომლითაც ათობით ცნობილი ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ფულის გათეთრებაში ამხილა.