მირიან ნიკოლაძე - ველოდებით გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა უპასუხოს, ვისი დნმ-ის კვალი შეიძლება იყოს გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე
უახლოეს პერიოდში ველოდებით გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა უპასუხოს, ვისი დნმ-ის კვალი შეიძლება იყოს გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს 19 წლის ფეხბურთელის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აქედან გამომდინარე, გახდება ცნობილი, რა პირობებში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა მდინარე არაგვთან, ხიდის სვეტზე.
ამასთან, გარდაცვლილის ბიძა არ გამორიცხავს, საქმეზე ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებასა და იმას, რომ საქმის ფიგურანტი „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომი ექვსი პირის გარდა, ბრალი სხვებსაც დაუმძიმდეთ.
„ოჯახის პოზიცია კატეგორიულია. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება წარედგინოს „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომ ექვსივე პირს, რომლებიც გამოედევნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან მყოფ ბავშვებს. სწორედ მათ მიერ არის ჩადენილი ეს განზრახ მკვლელობა. ვმუშაობთ იმაზე, ხომ არ იღებდნენ სხვა პირებიც რაიმე ფორმით მონაწილეობას, იგივე მერსედესის მგზავრები და კიდევ სხვებიც. თუ კი გამოიკვეთა უმნიშვნელოდ მაინც ბრალეულობა, იმავდროულად დადგება მათი პასუხისმგებლიბის საკითხი ანალოგიური კვალიფიკაციით. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, არც ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებას და არც „ქამროიში“ მსხდომი პირების გარდა, საქმის ფიგურანტებისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებასაც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.