მირიან ნიკოლაძე - დამატებითი ექსპერტიზები სავარაუდოდ დღეს დაიწყება, უახლოეს მომავალში ველოდებით საგამოძიებო ექსპერიმენტების პასუხსაც
მირიან ნიკოლაძე - დამატებითი ექსპერტიზები სავარაუდოდ დღეს დაიწყება, უახლოეს მომავალში ველოდებით საგამოძიებო ექსპერიმენტების პასუხსაც

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დამატებითი ექსპერტიზები სავარაუდოდ დღეს დაიწყება. ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ელოდებიან რამდენიმე ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტების პასუხებსაც.

„საუბარია არა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ექსპერტიზის საფუძველზე და დამატებით კომპლექსური ექპერტიზის დანიშვნის თაობაზე, არამედ ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზის პასუხსაც. ველოდებით საგამოძიებო ექსპერიმენტების პასუხსაც. მტკიცებულებათა ერთობლიობით შემდგომ გავერკვევით, კიდევ რა დამატებითი სახის შენაძენი აქვს გამოძიებას, რომ ჩვენ მიერ გაჟღერებული კატეგორიული მოთხოვნა, ექვსი პირის დასჯის შესახებ 109-ე მუხლით, უკვე იყოს დღის წესრიგში დროულად დაყენებული. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ექპსერტიზას, მისი დანიშვნა გამოძიების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, სავარაუდოდ უნდა დაინიშნოს, რადგან უნდა შეივსოს პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი. მოგეხსენებათ, პირველადი ექსპერტიზა თავის ფარგლებში შეზღუდულია გარკვეულწილად და მას სჭირდება შემდგომი განვრცობა. ამიტომ, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა უნდა მიიღონ სავარაუდოდ მონაწილეობა და კონკრეტულ კითხვებზე, ანალიტიკურ კითხვებზე გასცენ პასუხი. ეს არის ჯერ, რაც დღის წესრიგში დგას. მოლოდინში ვართ, რომ ჩვენ ყველა სახის დამატებითი შენაძენი, მტკიცებულებებს ვგულისხმობ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პირველ რიგში დამძიმდეს კვალიფიკაცია იმ კუთხით, რაც მოგახსენეთ და მეორე, თუ კი გაფართოვდება დამნაშავეთა წრე, რა თქმა უნდა, ესეც დღის წესრიგშია.

როგორც წესი, ასეთი სახის მძიმე დანაშაულებზე, განზრახ მკვლელობებზე, პირველადი ექსპერტიზა იძლევა გარკვეულ გასაქანს გარკვეულ ფარგლებში. მას სჭირდება შემდეგ ინდივიდუალურად კონკრეტული პირებისთვის ბრალის შერაცხვის კუთხით მეტი კონკრეტიზაცია. თუ გამოძიება ჩათვლის, რომ ასეთი კონკრეტიზაცია სჭირდება, მაშინ დანიშნავს, თუ არ ჩათვლის, დაეყრდნობა ამას. ვვარაუდობ, რომ ეს უნდა განახორციელოს“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ასევე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ჩანთაზე აღებული დნმ-ის შედეგები. მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ექსპერტიზების შემდგომ მოხდეს ბრალის გადაკვალიფიცირება.

„ველოდებით ასევე ჩანთის „დნმ“-ის ანალიზის. ეს გახლავთ ცალკე ექპერტიზის პასუხი. რაც შეეხება როგორ აღმოჩნდა გიორგი წყალში, ეს გახლავთ ერთ-ერთი გამოსაკვლევი საკითხი დამატებითი ექპერტიზის ფარგლებში, როდესაც ყველა დეტალი, გარემოება, ბუნებრივი პირობები, ლანდშაფტი, წყლის დინება, არსებული დაზიანებები სხეულზე, ერთად გაანალიზდება კომპლექსურად.

პირველი ის, რომ „დნმ“-ის კვალს ჩვენ ველოდებით ჩანთაზე, მეორე ის, რომ მიკრონაწილაკების აღება და შედარება ხდება ბევრი ფორმით. ეს უნდა თქვას თვითონ ექსპერტიზამ, მას ხელეწიფება. აქვს თუ არა შესაძლებლობა ამ კვალის აღმოჩენის და შემდგომ ნიმუშებთან შედარების, ამის წინასწარ თქმა, გინდა თუ არა ეს ასეა და ვერ მოხერხდება, ასე ხშირ შემთხვევაში არ არის. მაგალითად, შეიძლება მზის მაღალმა რადიაცამაც გაანადგუროს კვალი, მაგრამ ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ არ არის განადგურებული, შეიძლება წყლით გასუფთავებამ გაანადგუროს, მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ არის განადგურებული. ასე ცალსახად, რომ რადგან კონკრეტულ პირობებში აღმოჩნდა ცხედარი, იმის გამო ეს ვერ მოხდება, ეს ჩვენი, არაპროფესიონალების გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ექსპერტიზის გადასაწყვეტი. პასუხებსაც უნდა ველოდოთ, არაერთი ექსპერტიზის შედეგად. მათ შორის ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზაა დანიშნული და კიდევ სხვა რამდენიმე სახის. უნდა ველოდოთ კიდევ სხვა მტკიცებულებებსაც, რომ საგამოძიებო ვადის პირობებში უკვე აღარ იყოს აღარაფერი სადაო და ჩვენ მიერ დაყენებული საკითხი, „ტოიტას“ მგზავრების პასუხისგებაში მიცემისა 109-ე მუხლით, აუცილებლად უნდა იყოს დღის წესრიგში და ამ კვალიფიკაციით წარიმართოს საქმე სასამართლოში“,-  განაცხადა ნიკოლაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, „მერსედესის“ მგზავრებსაც დაუმძიმდეთ ბრალი, ადვოკატის თქმით, თუ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ავტომობილიც იმ მომენტში რაღაც შემხებლობაში შეიძლებოდა ყოფილიყო, ბუნებრივია, ამ საკითხსაც დააყენებენ.

„ამ ეტაპზე, ჩვენ რაც გამოკვეთილი გვაქვს ცალსახად და უდაოდ, ეს არის ის, რომ „ტოიოტას“ მგზავრები დაედევნენ ბავშვებს და ბოლომდე ესენი მისდევდნენ მათ, თუმცა თუ აღმოჩნდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილიც იმ მომენტი რაღაც შემხებლობაში შეიძლებოდა ყოფილიყო, ბუნებრივია, ამ საკითხსაც დავაყენებთ. თუმცა ეს უნდა იყოს უდაოდ დასაბუთებული და დადასტურებული. ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ჩვენი პოზიცია იყოს ძალიან კონკრეტული, ობიექტური და ამაზე უარი არავინ არ გვითხრას. თუ იქნება საშუალება ვის დავინდობთ? რომელ „მერსედესის“ მგზავრს დავინდობთ ბავშვის სიკდვილზე? ეს არის გამორიცხული.

ჩვენი კონკრეტული მოლოდინებია ის, რომ შეივსოს მტკიცებულებათა ეს ნაწილი და დამატებითი იქნება ეს ექსპერტიზა თუ სხვაგვარი, უნდა ამოიწუროს რომ კითხვები იყოს ნაკლები. მე ამ მოლოდინში ვარ, რომ საქმე სასამართლოში წარიმართოს სრული მაღალი სტანდარტით, ის რაც მოთხოვნადია სასამართლოში, იმას უნდა პასუხობდეს გამოძიების ხარისხი“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, ოჯახის მოთხოვნაა, რომ „ტოიოტას“ ფირმის მანქანაში მსხდომ ყველა პირს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ბრალი გადაუკვალიფიცრდეს 109-ე მუხლით.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.