მინესოტას გენერალური პროკურორი - ჯორჯ ფლოიდის საქმეზე ყოფილი პოლიციელებისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება ფაქტებს ეფუძნება და საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება
მინესოტას გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ყოფილი პოლიციელებისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება მხოლოდ ფაქტებზე არის დაფუძნებული და საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება.
მინესოტას გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა განაცხადა, რომ სამი ყოფილი პოლიციელისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ეყრდნობა.
„ეს ეთიკური ბრალდებაა, რომელიც ფაქტებზეა დაფუძნებული და ჩვენ ამის დამტკიცება შეგვიძლია. არ დავუშვი, რომ საზოგადოების წნეხს გავლენა მოეხდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე, ჩვენ გადაწყვეტილება ფაქტებზე დაყრდნობით მივიღეთ“,- განაცხადა ელისონმა.
ამასთან, მინესოტას გენერალურმა პროკურორმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი მარტივი არ იქნება, რადგან პოლიციის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ყოველთვის რთულია.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებისას ადგილზე მყოფ სამ ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს. დერეკ შოვინს, რომელიც გამოძიების ვერსიით, პირადად არის პასუხისმგებელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილზე, ბრალი დაუმძიმდა.