მინესოტაში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ბრუკლინ ცენტრის პოლიციის უფროსი და ინციდენტის მონაწილე ოფიცერი გადადგნენ
მინესოტაში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ბრუკლინ ცენტრის პოლიციის უფროსი და ინციდენტის მონაწილე ოფიცერი გადადგნენ

მინესოტაში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ბრუკლინ ცენტრის პოლიციის უფროსი და ინციდენტის მონაწილე ოფიცერი გადადგნენ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ბრუკლინ ცენტრის მერზე, მაიკ ელიოტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ელიოტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამართალდამცველებმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვეს, რაც ქალაქის საბჭომ მიიღო რეზოლუცია პოლიციის უფროსის, ტიმ გენონისა და ოფიცრის, კიმ პოტერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„ვიმედოვნებ, რომ ეს საზოგადოებას გარკვეულ სიმშვიდეს მოუტანს. ჩვენ გვსურს საზოგადოებას შეტყობინება გავუგზავნოთ, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა დასახლების მერმა.

სამართალდამცველის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის, 20 წლის დანტე რაითის მოკვლას საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ქალაქში გამოცხადდა კომენდანტის საათი, ათობით ადამიანი დააკავეს. 11 აპრილს დანტე რაითი სამართალდამცველებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. მას მანქანის რეგისტრაციის ვადაგასული მოწმობა აღმოაჩნდა. ასევე, გაცემული იყო მისი დაკავების ორდერი. მასსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა კვლავ მანქანაში ჩაჯდომას ცდილობდა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციის ოფიცერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ბრუკლი ცენტრის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ ინციდენტის მონაწილე სამართალდამცველს ელექტროშოკერის გამოყენება სურდა და ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით ამოიღო.