მინდელის შახტში სამუშაო პროცესის განახლების შესახებ ინფორმაციას „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი არ ადასტურებს
მინდელის სახელობის შახტში სამუშაო პროცესის განახლებისა და მეშახტეებისთვის სამსახურში გამოცხადების შესახებ გაგზავნილი შეტყობინებების გაგზავნას არ ადასტურებს კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.
მისი თქმით, შახტში ამ ეტაპზე წყლის ამოტუმბვის და სხვა ისეთი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შახტის მომავალი ფუნქციონირებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
ჯამბულ ჯაყელი პირველ არხთან საუბრისას ადასტურებს, რომ კომპანია „საქნახშირი“ მზად არის, დასაქმებულებს გაცდენილი დღეებისთვის ანაზღაურება გადაუხადოს.
„მე ვერ გეტყვით, რომ ეს გაგრძელდება უსასრულოდ, მაგრამ ერთი ან ორი თვის ხელფასს მეშახტეებს დავურიგებთ“, – განაცხადა ჯაყელმა.